20 ნოემბერი 2024,   13:12
ვრცლად
შემთხვევების 95% ომიკრონია - ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ტალღა, ვაქცინაციის შემთხვევაში, მარტივად გადაივლის

ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ომიკრონი, დელტა შტამთან შედარებით, მსუბუქად მიმდინარეობს, დაბალია ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის მაჩვენებელი და მიუხედავად შემთხვევების მატებისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში მართვადია. 

უწყების ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში შემთხვევების 95% ომიკრონია

"ვანგარიშობთ, რომ დაახლოებით, შემთხვევების 90-95% უკვე ომიკრონზე მოდის, ამიტომაც შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად არის მომატებული. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სისტემა პასუხობს ამ გამოწვევას, რადგან, როგორც ჩანს, ომიკრონი დელტასთან მიმართებაში შედარებით უფრო მშვიდად მიმდინარეობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დამძიმების თეორია ომიკრონსაც აქვს და როცა ამდენი აქტიური შემთხვევა გვაქვს, შესაძლოა,  იყოს ზეწოლა, ასევე, ჰოსპიტალურ სექტორზე და გვქონდეს შემთხვევების ზრდა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს მოქალაქეებს ვაქცინის მნიშვნელობა შეახსენა. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ განსაკუთრებით ბუსტერ დოზების გააქტიურება არის მნიშვნელოვანი 50 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, სადაც არის ხშირი ჯანმრთელობის სტატუსის მქონე ადამიანები. 

"კარგად უნდა გავითავისოთ, ვაქცინაცია, განსაკუთრებით მესამე - ბუსტერული დოზა იცავს სერიოზულად ომიკრონით ინფიცირებისგან და რაც მთავარია, ჰოსპიტალიზაციისგანგართულებებისგან, რომ ავადმყოფი არ მოხვდეს ინტენსიურში და რეანიმაციაში. მესამე დოზა, ბუსტერიზაცია დღეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი სამიზნე. სასურველია, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ყველამ გაიკეთოს ბუსტერი, ამით ჩვენ ამ ომიკრონის ტალღას გაცილებით მსუბუქად გადავიტანთ," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი.

დღის ამბები