დაუბრუნდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს მეორე ბოიკოტის შემდეგ? - პარტიამ გადაწყვეტილება ხვალ ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს. შიდა კონსულტაციები რამდენიმე კვირას გაგრძელდა.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, ყველა საშუალებას გამოიყენებენ, მათ შორის პარლამენტს, ქუჩას და საკრებულოებს.
"აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება აზრს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გამოიყენოს საპარლამენტო ბერკეტები იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები. ჩვენ გვჭირდება გამოვიყენოთ ქუჩის აქციები, საპარლამენტო ბერკეტები, ბერკეტები, რომლებიც გვაქვს საკრებულოში, ვესაუბროთ საერთაშორისო თანამეგობრობას და საერთო ჯამში, მივაღწიოთ შედეგს. ჩვენ ვიმსჯელებთ, მაგრამ დიდი ალბათობით, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საპარლამენტო საქმიანობა აღვადგინოთ," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ნიკა ობოლაძემ.
ნაციონალური მოძრაობის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების შესაძლებლობას გამოხმაურება და შეფასებები უმრავლესობაში მოჰყვა. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობის" გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, ჰორიზონტზეც არ ჩანს. ის აღნიშნავს, რომ პარტია ყოველთვის გაურბოდა პასუხისმგებლობას და ენმ-ს გადაწყვეტილება ერთადერთი, რასაც აჩვენებს - გაღრმავდა თუ არა კიდევ უფრო შიდაპარტიული კრიზისი.
"ყოველდღე აანონსებენ, რომ დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ საზოგადოება ხედავს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება ჰორიზონტზეც არ ჩანს. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ამ ორგანიზაციას არანაირი რესურსი არ დარჩა იმისი, რომ რაიმე სახის პროცესები შემოიტანოს ქართულ პოლიტიკაში. ისინი ყოველთვის გაურბოდნენ პასუხისმგებლობას, შესაბამისად ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი რაც გამოჩნდება, ის კრიზისი, რაც არის ძალიან ღრმა ნაციონალურ მოძრაობაში, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება თუ არა," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.