75%-ით შემცირებული მძიმე შემთხვევების რაოდენობა და 91%-ით შემცირებული გარდაცვლილთა რიცხვი - ფართო გავრცელების მიუხედავად ეპიდემიოლოგები "ომიკრონის" მსუბუქი ფორმით მიმდინარეობის შესახებ საუბრობენ, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ "ომიკრონი," შესაძლოა, მძიმე აღმოჩნდეს იმ პაციენტებისთვის, რომელთაც თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვთ.
ამ ყველაფრის თავიდან აცილების საუკეთესო გზად კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იმუნიზაციას და ნიღბის ტარებას ასახელებენ.
"ომიკრონით ავადობა შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და შედარებით უფრო ხანმოკლეა, ასევე, ჰოსპიტალიზაციის რიცხვი არ არის იმდენად მაღალი, როგორც ეს იყო "დელტა" შტამის შემთხვევაში. ამ ეტაპზე ერთადერთი სწორი გამოსავალი, რა თქმა უნდა, რჩება იგივე, რასაც მუდმივად ვსაუბრობთ სპეციალისტები - რეგულაციების დაცვა და ვაქცინაციის პროცესი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ "ბუსტერ" დოზის მნიშვნელობა, რომელიც მინიმუმ 80%-ით ამცირებს "ომიკრონისგან" დაავადების შანსს," - განაცხადა "ჯოენი"-ს სამედიცინო ცენტრის ეპიდემილოგმა, მაია კაშიამ.
ალექსანდრე გოგინავას თქმით, კი "ომიკრონით" მიმდინარე პანდემიის ტალღასთან გასამკლავებლად ჰოსპიტალურ სექტორზე მეტად ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაძლიერებაა საჭირო.
"საბედნიეროდ ჰოსპიტალურ სექტორში ჯერ რესურსები არსებობს, ამ ეტაპზე საჭიროა პირველადი რგოლის უფრო მეტად მობილიზება," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ და რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.