16 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
ფორმალურად 2 პარტიის, რეალურად კი ერთ პოლიტიკურ ორგანიზმად ქცეულმა სუბიექტებმა საკრებულოს თავმჯდომარე ერთხმად აირჩიეს - რუსთავის მერი

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრის არჩევას, რუსთავის მერი  გამოეხმაურა. ნინო ლაცაბიძის შეფასებით, ენმ და პარტია საქართველოსთვის სინქრონულად მოქმედებენ და მათ ერთი პოლიტიკური მიზანი ამოძრავებთ.

ამასთან, რუსთავის მერი ამბობს, რომ აპირებს რუსთავის საკრებულოში სხვადასხვა პროექტები შეიტანოს და თუ არ მოხდება ამ პროექტების დამტკიცება, ეს აღიქმება როგორც ოპოზიციის საბოტაჟი.

"დღეს "ნაციონალური მოძრაობის" და პარტია "საქართველოსთვის" კოალიცია ამჯერად რუსთავში ოფიციალურად გაფორმდა. ფორმალურად 2 პარტიის, რეალურად კი ერთ პოლიტიკურ ორგანიზმად ქცეულმა სუბიექტებმა საკრებულოს თავმჯდომარე ერთხმად აირჩიეს. ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, რომ ეს პარტიები სინქრონულად მოქმედებენ და მათ ერთი პოლიტიკური მიზანი ამოძრავებთ.

საკრებულოს უხუცესი ჩვენი გუნდის წევრია, რომელიც კოვიდინფიცირებულია, თუმცა, პროცედურული ფაქტორების გამო ხელი არ შეგვიშლია სხდომისთვის.

ჩემთვის, როგორც რუსთავის მერისთვის პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა ჩემი ქალაქის ინტერესები დგას. რუსთაველებმა ნდობა გამოგვიცხადეს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი უფრო ჯანსაღი, კომფორტული და უფრო განვითარებული გავხადოთ, რისთვისაც ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის.

მე შევიტან რუსთავის საკრებულოში რუსთავის საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს და თუკი ოპოზიციის მხრიდან არ მოხდება ამ პროექტების დამტკიცება, ეს პირდაპირი გზავნილი იქნება რომ მათ არ აღელვებთ ჩვენი ქალაქის და ჩვენს ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის ბედი და მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესები და მუდმივი პოლიტიკური საბოტაჟი აინტერესებთ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ საკრებულოში წარდგენილი პროექტების ბოიკოტი, რუსთავისა და რუსთაველების ღალატი იქნება და სხვა არაფერი," - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია გახდა. შეროზიას ხმა მათი პარტიის 3 წევრის გარდა „ნაციონალური მოძრაობის" 15-მა დეპუტატმა მისცა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და არც საკუთარი კანდიდატურა დაასახელა "ქართულმა ოცნებამ". შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.

დღის ამბები