2021 წელს იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების შესახებ შეტყობინება 2 174 შემთხვევაში გაკეთდა. ამის შესახებ საუბარია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ანგარიშში, რომელიც 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
რაც შეეხება სამკურნალო საშუალების გვერდით მოვლენებს, ანგარიშის მიხედვით, ამასთან დაკავშირებით შეტყობინება 38 შემთხვევაში გაკეთდა.
ანგარიშში ასევე საუბარია, რომ საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის 708 ღონისძიება, მათ შორის: 663 შემთხვევაში გამოვლინდა სამართალდარღვევის ფაქტები, რაზედაც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
ასევე სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2021 წლის პროგრამის ფარგლებში, საცალო რეალიზაციის რგოლის 84 დაწესებულებაში შესყიდულ იქნა 119 პოზიციის ფარმაცევტული პროდუქტი. რომელთა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 4 დასახელების სამკურნალო საშუალება წარმოადგენდა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტულ პროდუქტს.