რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს პასუხობს და "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებას უარყოფს.
გახარიას გუნდის წევრის თქმით, მისი პარტია მზად იყო სამივე პარტიის (ენმ, "ქართული ოცნება", "საქართველოსთვის") მიერ შეთანხმებული კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი.
"ბრალდებები, რომ ჩვენ ვინმესთან გარიგებული ვართ, კატეგორიულად გეუბნებით, რომ ასეთი გარიგება არავისთან არ ყოფილა. ჩვენ არც ვაპირებდით თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებას ჩვენი პარტიიდან, თუ მოლაპარაკებები შედგებოდა ჩვენს სამივე პარტიას შორის, ჩვენ მზად ვიყავით ვისზეც შევთანხმდებოდით, იმ კანდიდატისთვის დაგვეჭირა მხარი," - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ შეროზიამ.
ენმ-ში კი ამბობენ, რომ მათ რუსთავის მოსახლების დაკვეთა შეასრულეს, რადგან ამომრჩეველს სურდა, რომ საკრებულო ოპოზიციური ყოფილიყო.
"წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა, ჩვენ პირველ სხდომაზეც, საჯაროდ განვაცხადეთ, რომ საკრებულო იქნებოდა ოპოზიციური, ჩვენ არ ამოვიდოდით ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან და მხოლოდ და მხოლოდ გავითვალისწინებდით რუსთაველი მოსახლეობის დაკვეთას. მოსახლეობას კი სურდა რომ ყოფილიყო ოპოზიციური დღევანდელი საკრებულო და ჩვენ რა თქმა უნდა ამას დავუჭირეთ მხარი," - განაცხადა რუსთავის საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" თამარ მეტრეველმა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რომ გახარიას პარტია "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებულია და ეს შედეგი მოსალოდნელი იყო.
"ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას პარტიის წარმომადგენლები გარიგდებოდნენ, რა თქმა უნდა, გვქონდა. ამით ისიც აჩვენეს, რომ ერთი და იმავე პლატფორმაზე არიან. გახარიას პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის პირველივე წუთიდანვე გამოჩნდა, რომ ყველა მათი ნაბიჯი ასხამდა "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე წყალს და ამის დასტურია დღევანდელი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებიც," - აღნიშნა რუსთავის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" მარიამ ლიპარტელიანმა.