16 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
კარგით რა, რა წამება, ტანჯვა, მარტვილობა და ჯვარზე გაკვრა... - ალეკო ელისაშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ნაწილი მათგანი ინიციატივას იწონებს, ნაწილი კი მის მხარდაჭერას არ აპირებს. 

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი შეფასებას ექსპრეზიდენტის წამების შესახებ არ ეთანხმება, გადაჭარბებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ინიციატივას მათი მხარდაჭერა არ ექნება.

"ჩვენ მხარს არ ვუჭერთ საგამოძიებო კომისიის შექმნას სააკაშვილის წამების ფაქტზე. კარგით რა. კი, ცუდად მოექცნენ, უღირსად მოექცნენ, არაადამიანურად მოექცნენ სააკაშვილს გადაყვანის დროს, მაგრამ წამება და ტანჯვა და ეს გაბუქება, ძალიან მიუღებელია და ამას მხარს არ ვუჭერთ," - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, საგამოძიებო კომისიების შექმნასთან დაკავშირებით განიხილავენ და თუკი ის სიმართლის დადგენას ემსახურება, მას "ლელოს" მხარდაჭერა ექნება. 

"საგამოძიებო კომისიები, რომელიც იქნება ინიცირებული ოპოზიციური პარტიების მიერ, მათ ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ და იმ შემთხვევაში, თუკი ეს კომისია სიმართლის დადგენას ემსახურება, რა თქმა უნდა, კომისიების შექმნას მხარს დავუჭერთ,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე კი მსგავსი კომისიების დასაინიირებლად პარლამეტში ოპოზიციის მანდატების საჭირო რაოდენობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. 

"ჩვენც გვქონდა რამდენიმე ინიციატივა "სტრატეგია აღმაშენებლის" საგამოძიებო კომისიების შექმნასთან დაკავშირებით, მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზიცია პარლამენტში სრულად არ იყო წარმოდგენილი, საკმარის რაოდენობას ვერ ვაგროვებდით. კარგი იქნება თუ ოპოზიციაში მოგროვდება საჭირო რაოდენობა სხვადასხვა მიმართულებით საგამოძიებო კომისიების შექმნისთვის,"- აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე. 

როგორც ცნობილია, ენმ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის დარეგისტრირება დღესვე გეგმავს. 

დღის ამბები