პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმის დაშვება საპროტესტო აქციით მოითხოვეს. რუსთავის მე-12 საპატიმროსთან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, იქამდე მათ აქცია იუსტიციის სახლთან გამართეს. ციხეში ექიმების შეშვება მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის გუნდელმა კობა ნაყოფიამაც.
მისი ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის შემდეგ ისევ რთულია და ის პრობლემები, რაც პროტესტის უკიდურესმა ფორმამ გამოიწვია, მოუგვარებლად რჩება.
"მას, რეალურად, აღენიშნება ძალიან მწვავე ანემია, ასევე ტაქიკარდია. ის ნევროლოგიური პრობლემები, რაც ჰქონდა შიმშილობის შედეგად, დღემდე არაა მოგვარებული. ყველაფერი ამის ფონზე, მასთან არ უშვებენ მის პირად ექიმს,"-აცხადებს კობა ნაყოფია.
რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტი მისმა უკრაინელმა მეუღლემაც მოინახულა.