პარტიაში "საქართველოსთვის" აცხადებენ, რომ არანაირ კოალიციურ გარიგებას "ნაციონალურ მოძრაობასა" თუ "ქართულ ოცნებასთან" არ აპირებენ.
როგორც ბრიფინგზე ითქვა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე მათი კანდიდატურის მხარდაჭერა სპონტანურად მოხდა და ეს არ ნიშნავს ვალდებულებების აღებას ენმ-ის მიმართ.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ, რომ არანაირ კოალიციურ გარიგებას, არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" და არც "ქართულ ოცნებასთან" არც განვიხილავთ. შესაბამისად, ეს მხარდაჭერაც მოხდა სპონტანურად, არ მომხდარა წინასწარი შეთანხმებით და წინასწარ რაიმე ვალდებულებების აღებით. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პრინციპით, რომელიც გულისხმობს ბალანსის უზრუნველყოფას ამ მუნიციპალიტეტში,"-აცხადებენ პარტიაში.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე კი აცხადებს, რომ პარტია "საქართველოსთვის" დაუჭირეს მხარი იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" ქალაქი ერთპიროვნულად არ ემართა.
"რუსთავში არავითარი მორალური და არც ელექტორალური უფლება არ ჰქონდა "ქართულ ოცნებას", რომ დაეკომპლექტებინა საკრებულო და ემართა ქალაქი ერთპიროვნულად. იმისათვის, რომ არჩეულიყო ქალაქის საკრებულო, ისე, როგორც ეს მოისურვეს რუსთაველებმა, საჭირო იყო, ბუნებრივია, რუსთაველ ამომრჩეველთა 50%-ის მხარდაჭერა. "ნაციონალურ მოძრაობას", ცალკე აღებულს ეს არ ჰქონდა, ამიტომაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურას, ასე მუშაობს დემოკრატია,"-განაცხადა დავით კირკიტაძემ.
განსხვავებულად ფიქრობენ მმართველ გუნდში - გია ვოლსკისთვის, ამ გადაწყვეტილებით ენმ-სა და პარტია "საქართველოსთვის" შორის კოალიციური შეთანხმება გაფორმდა.
"ფაქტია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით სააკაშვილის და გახარიას კოალიცია თუ ერთობა შედგა. არ ვიცი კიდევ მომავალში რა იქნება, მაგრამ რუსთავში ეს უკვე აშკარად გაფორმდა. თანამშრომლობა იმ ხარისხით, რომელიც წინა პერიოდის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა, შეიძლება უკვე შევაფასოთ, როგორც კოალიციური ინტერესების გატარება,"-აცხადებს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ,, რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია გახდა. შეროზიას ხმა მათი პარტიის 3 წევრის გარდა "ნაციონალური მოძრაობის" 15-მა დეპუტატმა მისცა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და არც საკუთარი კანდიდატურა დაასახელა "ქართულმა ოცნებამ". შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.