16 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
რუსთავი მესამე ქალაქი ხდება, სადაც საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს - რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკურ სპექტრში

რუსთავი მესამე ქალაქი ხდება, სადაც საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს. გახარიას პარტია ხმების უმრავლესობას "ნაციონალების" მხარდაჭერით იღებს.

საკრებულოს თავმჯდომარის რანგში მედიასთან პირველი კომუნიკაცია უხერხული შეცდომით დაიწყო. ნოდარ შეროზიამ საკუთარი პარტიის დასახელება ჟურნალისტების შეხსენების შემდეგ დააზუსტა და აქვე განმარტა, თუ რა წინაპირობები ჰქონდა მის თანამდებობაზე არჩევას.

სამ პარტიას შორის თანამშრომლობა, ფაქტია, რომ ვერც დღეს და ვერც დღემდე ვერ შედგა. "ქართულმა ოცნებამ", რომელიც რუსთავის საკრებულოში უმცირესობაშია, არც თავმჯდომარეობის კანდიდატურა დააყენა და არც კენჭისყრაში მიუღია მონაწილეობა. შესაბამისად, თავმჯდომარე მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" აირჩია.

რასაც ქართული ოცნების წევრები გარიგებას არქმევენ, "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" ამომრჩევლის ინტერესით და სპონტანური გადაწყვეტილებით ხსნიან.

კრიტიკის და ბრალდებების მიუხედავად, დღეს როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელი მერი, ასევე ოპოზიციური საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები, მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, თანამშრომლობის პირობას დებდნენ. მოიძებნება თუ არა საერთო ენა და ეფექტური გადაწყვეტილებების რესურსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - ეს სწორედ სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში მყოფების ხედვაზე იქნება დამოკიდებული და იმაზე, თუ ვინ რას დაარქმევს "რუსთაველების საუკეთესო ინტერესებს".

დღის ამბები