საქართველოს სახალხო დამცველი, 30 იანვარს მინდელის შახტში მომხდარ აფეთქების გამო, რომელიც დროსაც 9 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს და შრომის ინსპექციას, განხორციელდეს დროული და ეფექტიანი რეაგირება მომხდარზე:
"2022 წლის 30 იანვარს, ღამით მინდელის შახტაში მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
როგორც გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით. ასევე, მოკვლევა დაიწყო შრომის ინსპექციამაც.
სამწუხაროდ, გუშინდელი ფაქტი ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა დაშავების და გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის. წინა წლებშიც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა იქ მომხდარ უბედურ შემთხვევებს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს და შრომის ინსპექციას, განხორციელდეს დროული და ეფექტიანი რეაგირება მომხდარზე, მათ შორის დადგინდეს ტრაგედიის მიზეზები, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება შევძლოთ. ასევე მიმართავს შრომის ინსპექციას - მიმდინარე ინსპექტირების ფარგლებში მოხდეს ყველა დარღვევის და რისკის იდენტიფიცირება და მათი გამოსწორების მიზნით ყველა კანონმდებლობით მინიჭებული ბერკეტის გამოყენება.
ამასთან, სახალხო დამცველის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ტყიბულში და სხვა მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში სისტემატური ინსპექტირება ჩატარდეს არსებული დარღვევების დროული იდენტიფიცირებისა და გამოსწორების მიზნით,"- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.