16 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
"ნუ უზრდელობთ, ნუ მეჩრებით პირში, ნერვები დაიმშვიდეთ" - დაპირისპირება პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე

პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე კამათის ფონზე მსჯელობს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ქართული "ოცნების" და გახარიას "საქართველოსთვის" მიერ ინიცირებული პროექტები უნდა განეხილა, თუმცა გაირკვა, რომ ყოფილი პრემიერის პარტიამ საკუთარი პროექტი უკან გაითხოვა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრების განცხადებით, რადგან უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია სწორედ პარლამენტის სახელით იქნება მიღებული, ქვეყნის იმიჯისთვის არის ზიანის მომტანი ფაქტი, როდესაც საკანონმდებლო ორგანო ერთდროულად რამდენიმე რეზოლუციის პროექტზე მუშაობს. შესაბამისად, "საქართველოსთვის" წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათი ავტორობით შექმნილი პროექტი უკან გაიწვიონ. აღნიშნულის შედეგად, პარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერად მხოლოდ ერთი პროექტი დარჩება განსახილველი, რომლის ავტორი მმართველი პარტიაა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები  მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, მათი ავტორობით შექმნილ ტექსტში კორექტირება მოხდეს. როგორც ცნობილია, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა ტექსტში მკაფიოდ ჩაიწეროს, რომ რუსეთის ფედერაცია არის აგრესორი და ოკუპანტი.

აღნიშნულ საკითხზე საგარეო კომიტეტის სხდომაზე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება საპარლამენტო ოპოზიციასა და მმართველ პარტიის წარმომადგენლებს შორის.

"ჩვენ ოპოზიციის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას იმიტომ კი არ ვეთანხმებით, რომ ოპოზიციის მიერ არის ინიცირებული, არამედ იმიტომ არ ვეთანხმებით, რომ შინაარსობრივად ისინი ყოველთვის საჭიროებენ დახვეწას.

ქალბატონო სალომე, მე თქვენ არ გაწყვეტინებდით, ეს არის ზრდილობის ელემენტარული წესი. ქალბატონო სალომე დამშვიდდით და ნუ უზრდელობთ, ნუ მეჩრებით პირში. ძალიან კარგად მიმყავს კომიტეტის სხდომა, დაწყნარდით და ნერვები დაიმშვიდეთ.

ადამიანი, რომელიც 8 წელია უკვე პარლამენტშია, გონზე არ არის კომიტეტი როგორ მუშაობს," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ნიკოლოზ სამხარაძეს სიტყვა შეაწყვეტინა და განუცხადა, რომ მას კომიტეტის სხდომა ვერ მიჰყავს.

"ჩვენ დღეს ვმსჯელობთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. თუ შეიძლება გადავიდეთ მსჯელობაზე, იმაზე, რაც არის მნიშვნელოვანი, რასაც ელოდება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ საერთაშორისო პარტნიორები. გეჩრები იმიტომ, რომ ვერ მიგყავს კომიტეტის სხდომა," - მიმართა სალომე სამადაშვილმა ნიკოლოზ სამხარაძეს.

დღის ამბები