რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, გაეროს უშიშროების საბჭომ კრემლის აგრესიულ პოლიტიკაზე იმსჯელა. სხდომის ჩატარებას რუსეთის დელეგაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ამერიკული მხარის დაჟინებული მოთხოვნით ის მაინც ჩატარდა და დასავლეთის ქვეყნებმა კიდევ ერთხელ აუხსნეს საერთაშორისო თანამეგობრობას, თუ რა საშიშროებას უქმნის რუსეთი უკრაინის და ევროპის უსაფრთხოებას.
ვაშინგტონის პოზიცია მტკიცეა. უკრაინაში შეჭრას საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება. შეხვედრის მონაწილეებმა რუსულ აგრესიაზე საუბრისას რამდენჯერმე ახსენეს საქართველოც და პარალელი 2008 წლის აგვისტოს ომთან გაავლეს, დაადასტურეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერაც.
"2008 წელს რუსეთმა ამ საბჭოს განუცხადა, რომ საქართველოში სამშვიდობო ძალებს აგზავნიდა. სინამდვილეში კი ეს იყო დამოუკიდებელ, დემოკრატიულ ქვეყანაში შეჭრა. 2014 წელს რუსეთმა ამ საბჭოს წინაშე, ყირიმში მისი ძალების ყოფნა უარყო. რეალურად კი მისმა სამხედროებმა დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინის ნაწილის ანექსია მოახდინეს," - ამბობს ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაეროში ჯეიმს კარიუკი.
ალბანეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ფერით ჰოჯა ამბობს, რომ არასწორი იქნება, რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო შეტევის საფრთხე, რუსეთს და დასავლეთს შორის მორიგ კრიზისად განიხილებოდეს.
"რუსეთ-უკრაინის საზღვარზე განვითარებული ბოლო მოვლენები კარგად ცნობილი სქემაა. ჩვენ ეს 2008 წელს საქართველოში ვნახეთ. ასევე არაერთხელ უკრაინაში, მოყოლებული 2014 წლიდან,“ - ამბობს ალბანეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ფერით ჰოჯა.
რეგიონში რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა პოლონელმა დიპლომატმაც და გაეროს მოსკოვის დამაზიანებელი ქმედებების ისტორია - აგვისტოს ომი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გაახსენა.
"რუსეთის ფედერაცია რეგიონში დამაზიანებელი მოთამაშეა სულ მცირე, 2008 წლის საქართველოს ომიდან და 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიიდან. ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, გაყინული კონფლიქტები აღმოსავლეთ უკრაინაში, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში - ცხინვალსა და აფხაზეთში და მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში მოუგვარებელია. ძირს უთხრის სტაბილურობას და რეგიონულ უსაფრთხოებას მსოფლიოს ამ რეგიონში,“ - აღნიშნავს კშიშტოფ შჩერსკი.
რუსმა დიპლომატმა კი პროვოცირებაში დასავლეთი დაადანაშაულა და უკრაინაზე თავდასხმის მზადება უარყო.
"რუსეთის ძალების გადაადგილებას, ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე, სხვადასხვა მასშტაბით, ადრეც არაერთხელ ჰქონდა ადგილი და არანაირი ისტერიკა არ გამოუწვევია. სამხედრო ძალები და მოსამსახურეები, რომლებიც იმყოფებიან მათი დისლოკაციის ადგილებში, ადრეც იქ იყვნენ და არა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. რუსეთის ძალების განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე, ჩვენი დასავლელი და ამერიკელი კოლეგებისგან თითქოსდა დაგეგმილ სამხედრო აქციად და აგრესიადაც კი საღდება. ამერიკის ელჩი ისე საუბრობს, თითქოს ეს აგრესიის აქტი უკვე მომხდარი იყოს," – აცხადებს რუსეთის ელჩი გაეროში, ვასილი ნებენზია.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულებისთანავე, განცხადება გამოაქვეყნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკა, მისი მოკავშირეები და პარტნიორები დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, ის სწრაფ და უმწვავეს შედეგებს მიიღებს. მისივე განცხადებით, შეერთებული შტატები და მოკავშირეები, ნებისმიერი სცენარისთვის ემზადებიან.