პარლამენტის საგაზაფხულო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, სხდომას 114 დეპუტატი ესწრება. სხდომათა დარბაზშია ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა "ნაციონალური მოძრაობის" ჩათვლით, პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა.
სესია პოლიტიკური დებატებით გაიხსნა, ისმოდა ურთიერთბრალდებებიც. გარდა ამისა, გაკეთდა განცხადებები უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზეც.
"წარმოადგენთ პრორუსულ ძალას და 2012 წლიდან დღემდე მიზანმიმართულად ანგრევთ სახელმწიფო სტრუქტურებს. პირადად მე არ შემოვსულვარ ამ პარლამენტში იმისთვის, რომ თქვენთან პოლემიკა გავმართო, იმიტომ, რომ თქვენთა დაკავშირებით ისედაც ყველაფერი გასაგებია რას წარმოადგენთ, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც.
ჩემი მთავარი მიზანი არის, რომ ყოველ დღე, ყველა სესიაზე, კომიტეტზე შეგახსენოთ ყველა ის ზიანი, რომელი თქვენ მიაყენეთ ჩემს რეგიონს," - განაცხადა"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა წითლიძემ.
ანა წითლიძის ამ განცხადებას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ უპასუხა და "ნაციონალური მოძრაობა" სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
"შემოვიდა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში და დაიწო სიცრუის ტირაჟირება. პრორუსული ძალა ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს პირნათლად არ ასრულებს ქალბატონო ანა. ჩვენზე კარგად კანონმდებლობას ვერ აღასრულებთ და შეეცადეთ, რომ ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას ნურავის, ნუ ქმნით სპილოს იმისგან, რაც არ არსებობს,“ - განაცხადა მაია ბითაძემ.