პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს "ნაციონალური მოძრაობისა" და მმართველი პარტიის წევრებს, ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის კამათი და დაპირისპირება თბილისში მიმდინარე მშენებლობების საკითხს მოჰყვა.
ლევან ხაბეიშვილმა სხდომაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ამსახველი ფოტომასალა წარადგინა და განაცხადა, რომ აღნიშნული კორპუსი უკანონოდ აშენდა.
"ეს კორპუსი, რასაც ხედავთ, უკანონოდ ააშენეს. მერე თქვენმა კოლეგებმა საკრებულოში თქვეს, რომ არ არის არანაირი მექანიზმი, რომ ეს ყველაფერი შევაჩეროთო.
ასევე, დღეს ვიყავი კონკრეტულ ობიექტზე, როცა უკანონო მშენებლობაზე ვსაუბრობთ და ეხება კონკრეტულ სავაჭრო ცენტრს. დედაქალაქში სავაჭრო ცენტრი ააშენეს უკანონოდ ისე, რომ თქვენმა მერმა ვერ დაინახა,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის ამ განცხადებას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ უპასუხა. ირაკლი ზარქუამ სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერ კოლეგას მისი მერიაში მუშაობის პერიოდი შეახსენა და სიმართლის თქმისკენ მოუწოდა. ირაკლი ზარქუამ ლევან ხაბეიშვილი სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
"ხაბე, ჯიგარო, აი შენ რომ მუშაობდი მერიაში, სადაც ხელფასთან ერთად პრემიას, დანამატს იღებდი, შენმა მერმა უგულავამ გადასცა ეს მიწა 366 კვ. 2010 წელს გაყიდა რეკრეაციული ზონა. ახლა გამოდი და თქვი სიმართლე, აგერ გადმოგცემ, თუ მე ტყუილი ვთქვი, მაშინ ბოდიშს მოვიხდი და წავალ პოლიტიკიდან, თუ არადა ადექი და წადი შენ პოლიტიკიდან, შე მასხარა შენა,“ - მიმართა ირაკლი ზარქუამ ლევან ხაბეიშვილს.