პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა კამათის ფონზე გრძელდება. სხდომას 114 დეპუტატი ესწრება, მათ შორის არიან "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. სესია პოლიტიკური დებატებით გაიხსნა, იყო ბრალდებებიც.
დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობენ, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებაზე, ასევე საუბარი შეეხო უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციას.
სხდომაზე განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროპელი სოციალისტები” წევრმა, დავით ზილფიმიანმა.
"ამ შემართებით, სავსებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაცმოძრაობამ ეს სიმღერა მიუძღვნას ოცნებას: „ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი, ისევ მოვედი შენთან.“ მიზანი არის, რა თქმა უნდა, მსჯავრდებული სააკაშვილის ციხიდან დახსნა,“ - აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.
სხდომათა დარბაზში განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში საერთო ენის გამონახვის ნაცვლად, სიძულვილის ენა ისმის.
"ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვპოულობდეთ საერთო ენას და ხიდებს ვაშენებდეთ, მთავარი რიტორიკა დღესაც საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" დამსახურებით და არა მხოლოდ "ქართული ოცნების" დამსახურებით, არის სიძულვილის რიტორიკა. თითქოს, ჩვენი მთავარი ამოცანა ის კი არ არის, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და ჩიხიდან, თითქოს სიძულვილის სახელმწიფოს აშენებაა ამოცანა,“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.