16 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
წინააღმდეგ ხმას ვერ მისცემ, ამ ტექსტის მხარდაჭერა მე პირადად არ შემიძლია, ამიტომ უბრალოდ არ მივიღებ მონაწილეობას - გრიგოლ ვაშაძე რეზოლუციის მხარდაჭერაზე

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე, პოლიტიკური ოპონენტები ისევ ვერ თანხმდებიან - აზრთა სახვადასხვაობას დოკუმენტის შინაარსი იწვევს.

ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი რეზოლუციის ტექსტის წარმოდგენილ ვარიანტს ემხრობა და მხარდაჭერასაც გეგმავს, არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც დოკუმენტის მსგავსი სახით დამტკიცება კატეგორიულად მიუღებელია.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე და პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი რეზოლუციის ტექსტის მესამე აბზაცში რუსეთის ფედერაციის ჩამატებას ითხოვენ. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ერთი წინადადების დამატება საკმარისი იქნებოდა, რათა სრულ ოპოზიციურ სპექტრს პარლამენტში რეზოლუციის პროექტისთვის მხარი დაეჭირა.

"დღეს რეალურად "ქართული ოცნება" აპირებს, რომ მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც რას ეუბნება საზოგადოებას, მინდა განვმარტო: რომ ეს დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის არ ვიცით ჩვენ რითი დასრულდება, მაგრამ ჩვენ "ქართული ოცნება" ვიქნებით გამარჯვებულის მხარეს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე უკრაინის რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, ვინაიდან რეზოლუციის ტექსტს არ ეთანხმება.

"უკრაინის მხარდაჭერის ტექსტს, რაოდენ უსუსურიც არ უნდა იყოს, წინააღმდეგ ხმას ვერ მისცემ, ამ ტექსტის მხარდაჭერა მე პირადად არ შემიძლია, ამიტომ უბრალოდ არ მივიღებ ხმის მიცემაში მონაწილეობას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთან, რასაც შიდა პოლიტიკა ჰქვია, სინამდვილეში არის სამოქალაქო ომი და ეს სამოქალაქო ომი აისახება ხოლმე იმ საკითხებზე, რომლებსაც საერთო ეროვნული ინტერესი აქვს," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ უკრაინის ინტერესები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კინკლაობა ტერმინებზე. ლევან იოსელიანი უკრაინის რეზოლუციის დოკუმენტს მხარს დაუჭერს.

დღის ამბები