16 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
რა არის ოპოზიციისთვის მთავარი პრობლემა და რა პასუხი აქვს "ოცნებას" - 2 საათზე მეტია პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას განიხილავს 

უკვე 2 საათზე მეტია პარლამენტი სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას განიხილავს. დღეს უნდა იყოს კენჭისყრაც, მანამდე კი ამ წუთებში ფრაქციების სიტყვით გამოსვლებია. დარბაზში დაისვა კითხვები, რომლებსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა უპასუხა. ოპოზიციის ნაწილი დოკუმენტს მხარს არ უჭერს, რადგან ტექსტში რუსეთის ჩაწერას ითხოვს, მეორე ნაწილს განსხვავებული პოზიცია აქვს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი  ხატია დეკანოიძე მმართველ პარტიას რეზოლუციის ტექსტზე მუშაობის გაგრძელებას სთავაზობს და აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მრავალპარტიული იყოს.

სიჩქარისგან თავის შეკავებას ურჩევს, "ქართულ ოცნებას" ალეკო ელისაშვილიც  და ამბობს, რომ ერთპარტიული რეზოლუცია საქართველოს ცუდად წარმოაჩენს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" სურვილია, რეზოლუცია მრავალპარტიული იყოს, ხელაშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ რეზოლუციის მიღება დროულად უნდა მოხდეს.

გიორგი ხელაშვილმა ასევე უპასუხა "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს პარლამენტს რუსეთის აგრესიის დაგმობა სთხოვა და ეს კი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაში არაა ნახსენები. ხელაშვილის თქმით, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს მთავარი თხოვნა იყო, რომ ხელი შეეწყოს ვითარების დეესკალაციას, რაც შესაბამისადაა ასახული რეზოლუციაში.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია რატომ გახდა პრობლემა დაკონკრეტება იმისა თუ ვინაა სამხედრო ესკალაციის წყარო.გიორგი ხელაშვილმა პასუხად განაცხადა, რომ რეზოლუციის მიზანი სუბიექტის დაკონკრეტებაზე მეტად უფრო სტრატეგიულია და ეს მიზანი არის რეგიონში დაძაბულობის შემცირება.

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

 

დღის ამბები