"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისია დაარეგისტრირა. პარტიაში აცხადებენ, რომ პარტნიორ ოპოზიციონერებთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ და მიიჩნევენ, რომ კომისიის შექმნის რესურსი არსებობს.
"დავარეგისტრირეთ საგამოძიებო კომისია, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს. თეორიულად, ოპოზიციაში არსებობს რესურსი, რომ ეს კომისია შეიქმნას, ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ჩვენს პარტნიორებთან ოპოზიციაში. ამიტომ, მიუხედავად იმისა, მესმის, რომ "ქართულ ოცნებას" არ უნდა ეს კომისია შეიქმნას, გამოგვიცხადებს პროცედურულ ომს, მაგრამ შევეცდებით, რომ საზოგადოების წინაშე გამოვიტანოთ ყველა დეტალი,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე.
განსხვავებულად ფიქრობენ მმართველ გუნდში. მათი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვნა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ სპეკულაციებია, რის გამოც ისინი მას მხარს არ დაუჭერენ.
"მოგეხსენებათ, რომ ზოგადად ჩვენ არ ვართ ხოლმე საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი, თუ ამის კონკრეტული აუცილებლობა არსებობს, მაგრამ თუ მხოლოდ სპეკულაციისა და პიარის საფუძველია ამის უკან და არა რეალურად არსებული აუცილებელი საჭიროება, რა თქმა უნდა, ასეთი კომისიის შექმნას ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ხოლმე,"-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.