16 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
"ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზე" - ბორის ჯონსონი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აანონსებს

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს დიდი ბრიტანეთისგან სანქციები დაუწესდება - გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კიევში ვიზიტის დროს უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი გავლენის სფეროების შექმნას ცდილობს და უკრაინასთან ერთად, დასავლეთმა საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზეც უნდა იფიქროს. ჯონსონი რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ლონდონის სანქციები რუსულ სტრატეგიულ კომერციულ ინტერესებს დააზიანებს. ორი ქვეყნის ლიდერები შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

"პრეზიდენტი პუტინი, ცდილობს ძირი გამოუთხაროს, გადაწეროს ევროპის უსაფრთხოების რუკა, შექმნას გავლენის ახალი სფეროები. ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, რომლის დაბრუნებაც რუსეთს ამ გავლენის სფეროში სურს, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზე. ძალიან კრიტიკული მომენტია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უკრაინის გვერდში დგომა იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა ვართ,"-განაცხადა ბორის ჯონსონმა. 

განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ნებისმიერი სანქცია ეფექტურია ომის დაწყებამდე და არა მას შემდეგ. 

"ვერავინ იწინასწარმეტყველებს რა მოხდება, ვერავინ მისცემს ვინმეს 100%-იან გარანტიას. უნდა მოვემზადოთ ცუდი მოვლენებისთვის, ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავებს, საკუთარ სახელმწიფოს, რადგან ეს ჩვენი სუვერენული მიწაა. ვიცავთ ჩვენს ისტორიას, ენას, ტრადიციებს და, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენს ხალხს. არავის ვეპატიჟებით ჩვენს მიწაზე იარაღით. ტრაგედია იქნება, თუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ძლიერი ესკალაცია დაიწყება - ეს არ იქნება ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს იქნება მასშტაბური ომი ევროპაში. ჩემი პოზიცია ცნობილია, ნებისმიერი სანქცია ეფექტურია ომამდე და არა შემდეგ,"- განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები