თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი საცხოვრებლით უზრუნველყოფს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, თუმცა, სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების ფაქტებს ყოველთვის წინ აღუდგება.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ სამწუხარო ფაქტს, რაც დედაქალაქში ხდება. მხედველობაში მაქვს სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობების განხორციელება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმ ადამიანებს და ოჯახებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა გააჩნია, აქვს უსახლკაროს სტატუსი (დღეის მდგომარეობით, 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს დედაქალაქში), მივეცი პირობა, რომ უზრუნველყოფილი იქნებიან მუნიციპალური საცხოვრისით და ეს პრობლემა მათთვის მოგვარებული იქნება. წინასაარჩევნოდ ძალიან ბევრი ვისაუბრე ამ საკითხზე და გაცემულია დაპირება, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, არც ერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება, ყველა იქნება უზურუნველყოფილი საცხოვრისით. დავიწყეთ საბინაო ფონდის შექმნა და მიმდინარე თვეს 15-16 ოჯახი იქნება საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებული," - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც გაჭირვებასა და უსახკარობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ცდილობენ, სახელმწიფო მიწები უკანონოდ მიიტაცონ.
"მიტაცებული იყო სახელმწიფი მიწები. ერთ-ერთი პიროვნება საუბრობდა თავის გაჭირვებაზე, მაშინ, როდესაც ამ ადამიანს 2015 წელს მუნიციპალიტეტისგან მიღებული აქვს 356 000-ლარიანი დახმარება. ამ ადამიანს ასევე, აქვს სამი საცხოვრებელი ბინა ვაკის რაიონში. არავინ იფიქროთ, რომ ვინმეს რამეს ვუთვლი, ღმერთმა ყველას მისცეს შესაძლებლობა, მაგრამ თაღლითობის საშუალებას არავის მივცემთ. უკანონობას ყოველთვის წინ აღვუდგებით. კანონი ყველასთვის ერთია. ისეთ ადამიანებს, რომლეთაც უჭირთ და მხარდაჭერა სჭირდებათ, ყოველთვის მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით. ძალიან კარგად ვიცი, რა არის გაჭირვება, რა არის წარმატება, ყველაფერი გამოვლილი და გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე. შესაბამისად, ასეთ ადამიანებს, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო, ყოველთვის გაუწვდის ხელს, ვიდრე მათ ნორმალური სოციალური პირობები და ცხოვრების საშუალება არ მიეცემა. სამწუხაროდ, დღესაც რჩება ბევრი მოქალაქე, ოჯახი ვისაც თანადგომა სჭირდება და ჩვენ ვართ ის ადამაინები, რომლებიც ყოველთვის დავეხმარებით მათ, თუმცა, თაღლითობის საშუალებას არავის მივცემთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მათ: არ მოგატყუოთ ვინმემ, მეგობრებო. ის თანხები, რასაც ამ მშენებლობებებზე ხარჯავთ, ჯობს, შეინახოთ და ისევ თქვენი შვილებისა და მომავლისთვის გამოიყენოთ. თქვენ ძალიან მალე გადმოგეცემათ საცხოვრებელი ფართები და შეძლებთ ნორმალური პირობებში ცხოვრებას," - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტს აქვს მეორე პროგრამა, რომლის ფარგლებში, უსახლკარო ადამიანების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფამდე, ადგილობრივი გამგეობები მათთვის ბინას ქირაობენ.
"აღნიშნულ პროგრამაზე მილიონობით ლარი იხარჯება, რათა ეს ადამიანები საცხოვრებლით იყვნენ უზრუნველყოფილნი. ასევე, გვყავს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ქირით გავიყვანოთ და საცხოვრებელი ფართების მიღებას ელოდებიან. რა თქმა უნდა, მათაც დავაკმაყოფილებთ, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყველა ასეთი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი," - განაცხადა თბილისის მერმა.