რუსეთის პრეზიდენტის მუქარანარევი განცხადების მიუხედავად, დასავლეთი კიდევ უფრო ამკაცრებს ტონს. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია მტკიცე რჩება. ისინი კვლავ იმეორებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხევაში იქნება ადეკვატური პასუხი.
ამერიკამ შეადგინა იმ პირების სიაც, რომლებიც ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვიდან არიან და რომლებსაც რუსეთის აგრესიის შემთხვევაში სანქციებს დაუწესებენ.
"დიპლომატიის კარი ღია რჩება. ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი პუტინი. ჩვენ ჯერ კიდევ ვხედავთ საზღვარზე ჯარების განლაგებას . ჩვენი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს. მან გაიმეორა ჩვენი ერთგულება და ღიაობა დიპლომატიური გზისადმი . ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ დავიცავთ იმ ღირებულებებს, რომელიც მოიცავს ჩვენს რწმენას და ნატოს ქვეყნების რწმენას, რომ ალიანსის წევრებმა უნდა განსაზღვრონ, ვინ შეძლებს ნატოში გაწევრიანებას და რომ ამისთვის კარი ღია უნდა იყოს," - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ.
თეთრ სახლშიც და სახელმწიფო დეპარტამენტშიც კვლავ აღნიშნავენ, რომ ნატოს ღია კართან ერთად ღია რჩება დიპლომატიის კარიც, რომელიც რუსეთმა უნდა გამოიყენოს თუ მას მშვიდობა სურს.
"არის სფეროები, სადაც გვჯერა, რომ არსებობს მოლაპარაკებებისთვის მანევრირების საშუალება ჩვენს მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და რუსეთის ფედერაციასთან ერთად, იმისათვის რომ დიპლომატიამ შედეგი გამოიღოს უნდა მოხდეს ვითარების დეესკალაცია. ეს კი მოსკოვმა უნდა გააკეთოს. დიპლომატიას შეუძლია პროგრესის მიღწევა. ჩვენ ღია ვართ ამ პროცესისთვის, თუმცა ასევე შეგვიძლია თავდაცვის გზაზე გადავიდეთ," - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა,
მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა გამოიღებს თუ არა ის შედგეს ჯერაც უცნობია. მოლოდინები სხვადასხვაგვარია. ფაქტია რომ მხარეები ყველა შესაძლო სცენარისთვის არიან მზად.