16 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე - კომისიის შექმნას პარლამენტში 50 დეპუტატის ხმა სჭირდება

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაარეგისტრირა. ორშაბათს ჩანიშნულ ბიუროს სხდომაზე კი, საკითხის დაინიცირება მოხდება. ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციაში ამბობენ, რომ კომისიის შექმნის მიზანი მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი ფაქტების შესწავლაა.

"ნაციონალურ მოძრაობას" კომისიის შესაქმნელად კოლეგა ოპოზიციონერების მხარდაჭერა სჭირდება. უკვე ცნობილია, რომ "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" მათ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. "გირჩი" კი, საკუთარი 4 ხმის სანაცვლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" წინაპირობას უყენებს. პარტია საჭიროების შემთხვევაში მათგან ანალოგიურ მხარდაჭერას ითხოვს.

განსხვავებულია ოპოზიციის მეორე ნაწილის პოზიცია. "ევროპელი სოციალისტები", პარტია "საქართველოსთვის" და "მოქალაქეები", საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერენ. მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო მანდატი დეპუტატებმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად უნდა გამოიყენონ.

მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არც "ქართული ოცნება" უჭერს, თუმცა სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ კომისიის ჩამოყალიბების შემთხვევაში, სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან.

კომისიის შექმნას პარლამენტში 50 დეპუტატის ხმა სჭირდება, რომლის რესურსიც მხოლოდ ოპოზიციასაც აქვს, თუმცა კომისიის დასკვნის დამტკიცებაში მათ უკვე უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდებათ, რადგან კენჭისყრაზე საკითხმა მინიმუმ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

დღის ამბები