პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, პენსიონერების სესხების პროცენტის დაწევასთან დაკავშირებით პარლამენტში სამთავრობო კომისიის სხდომა წინა კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა მინისტრ ლევან დავითაშვილის კოვიდინფიცირების გამო გადაიდო.
როგორც ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერში" განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ამ კვირაში აუცილებლად გაიმართება შესაბამისი სხდომა და პროცენტის დასაწევად შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება. პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელზეც მისი პოლიტიკური ძალა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობს.
"უნდა დაიწიოს საგრძნობლად და უნდა მოწესრიგდეს, მხარდაჭერა აქვს მმართველი გუნდისგან. მმართველი გუნდისგან ზარქუა ჩვენზე მეტად იბრძვის და ეს პროცესი რომ გაიწელა ჩვენზე მეტადაა გაღიზიანებული. ამ კვირას არის დაპირება, რომ გაიმართება სხდომა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პროცენტის სესხი დაიწევს. პენსიონერებს რომ ოვერდრაფტებს უკეთებენ, მათთვის გაუგებარია, კრედიტის მაგივრად აწერინებენ ოვერდრაფტზე და ტყავს აძრობენ, რაც შეაქვთ პროცენტის დაფარვას სჭირდება და არა ძირისას და არიან გაოგნებულები," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.