საქართველოს საკითხებზე მომხსენებელ ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს პარლამენტში დილიდან ელოდებიან. კანონმდებლები მას ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმენენ.
მანამდე კი ევროპელი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდება, რის შემდეგაც სვენ მიქსერი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.
ოპოზიცია მიქსერთან შეხვედრაზე ყველა აქტუალურ თემაზე აპირებს ყურადღების გამახვილებას.
"შესაძლებლობას ჩვენ გამოვიყენებთ კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ ძალიან დეტალური და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოზე ევროპარლამენტში მომხსენებელს იმ ძალიან სერიოზული უკუსვლის და სახელმწიფოსთვის, დემოკრატიისთვის დამაზიანებელი მოქმედებების შესახებ, რომელსაც მმართველი პარტია ახორციელებს, იქნება ეს რეფორმები, რომლებიც არ გატარდა, მათ შორის, რომელიც გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ელენე ნაცვლიშვილმა.
მიქსერი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში უკვე მეორე დღეა მართავს. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდნეტს. გავრცელებული ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა ეროვნული თანხმობის პროცესი იყო.