რა ბერკეტები არსებობს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად - თემა შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა და გერმანიის ელჩმა განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობასა და სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯებზე, რამაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე დადებითად უნდა იმოქმედოს.
თეა ახვლედიანმა ჰუბერტ ქნირშს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გერმანიის მტკიცე პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.
"განვიხილეთ პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარე პროცესი, ისევე როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადგილზე არსებული მდგომარეობა როგორც ადამიანის უფლებრივი კუთხით, ასევე სოციალური, ჰუმანიტალური და კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმსჯელეთ რიგი მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარების გზებზე და ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებაზე,"- განაცხადა თეა ახვლედიანმა.
გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში მოხარულია, რომ გერმანიას საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.
"სახელმწიფო მინისტრთან ვაგრძელებთ ჩვენს დიალოგს საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ამ ორ რეგიონში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით გერმანიის მხრიდან დახმარების გაწევისა და მხარდაჭერის შესაძლებლობის თაობაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების შესახებ. ძალიან ვაფასებ გულწრფელ და ღია საუბარს, რომელიც მუდმივად გვაქვს სახელმწიფო მინისტრთან. ეს ძალიან კარგია, რომ გვაქვს ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან," - აცხადებს ჰუბერტ ქნირში.