საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს - ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე გომელაურმა ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, სომხეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია საქართველოსთვის.
უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობა ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით.
"რამდენიმე დღის წინ აქ იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, მაგრამ, სამწუხაროდ, Covid-19-ის გამო ვერ შევძელი მასთან შეხვედრა. თბილისში, ეკონომიკური თანამშრომლობის სომხურ-ქართული მთავრობათშორისი კომისიის სხდომაზე გასული წელი შევაჯამეთ. მანამდე, რამდენიმე შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ჩემს მეგობარ ირაკლი ღარიბაშვილთან. ცოტა ხნის წინ სომხეთის პოლიციის უფროსი იმყოფებოდა საქართველოში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა მჭიდროდ ითანამშრომლონ. ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და კანონის უზენაესობის დასაცავად", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა "კოვიდ-19"-ით ინფიცირებულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჯანმრთელობა უსურვა.
ვახტანგ გომელაური ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს - ვაჰე ღაზარიანს შეხვდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე ეწვევა სომხეთის სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს.