16 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
ქართველებს მიაჩნიათ, რომ დათმობა სისუსტეა, კომპრომისზე წასვლა სიმწიფეს გულისხმობს, საერთო სტრატეგიული მიზნები არ უნდა დაგვავიწყდეს - სვენ მიქსერი

საკანონმდებლო ორგანოში დილიდან შეხვედრებს მართავს სვენ მიქსერი. საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი, ამ წუთებში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას ესწრება, მან უკვე მიმართა სიტყვით შეხვედრის მონაწილეებს.

სვენ მიქსერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროკავშირი და ზოგადად ევროპული სტრუქტურები მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში გახდეს როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ასევე ევროპული სტრუქტურების სრულყოფილი წევრი.

თუმცა, ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაზე და არა კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების მხარდაჭერაზე. სვენ მიქსერი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკოსებს საქართველოში, რომ ისინი სწორედ საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურონ.

"საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იზიარებს პოზიციას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ, ეს სავსებით ლეგიტიმური სურვილია. პოლიტიკოსებმა კი ფეხი უნდა აუწყონ მოსახლეობის მოთხოვნებს, შეამცირონ არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია და ანტაგონიზმი. ევროკავშირი გადასცემდა დახმარებას საქართველოს, როცა მას ეს სჭირდებოდა, ეხმარებოდა ფასილიტაციის პროცესში, ამაში ჩართული იყო ევროსაბჭოს პრეზიდენტიც.

ასოცირების შეთანხმების შესრულება არა პოლიტიკურ განსხვავებაზეა დამოკიდებული, არამედ საზოგადოებაზეა ფოკუსირებული, იქნება ეს სოციალური კეთილდღეობის მიმართულება, დასაქმება თუ სხვა. არსებობს საკითხები, რომელზეც სამუშაო ბევრია. ეს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან უნდა შესრულდეს. ევროკავშირი ამ მიმართულებების გაგრძელებას მხარს უჭერს. გამოწვევები მრავალწახნაგოვანია, არსებობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პირობა და სტანდარტი ინტეგრაციისთვის. არსებობს სტანდარტები, რომლებიც კანონის უზენაესობასთან არის დაკავშირებული, ინსტიტუციების გაძლიერებასთან. ჩვენი მიზანი არის, რომ საქართველომ ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილოს.

ქართველებს მიაჩნიათ, რომ დათმობა სისუსტეა, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს პრობლემა გადავლახოთ. აუცილებელია რაღაც საერთო ვიპოვოთ. დათმობაზე წასვლა სიმწიფეს გულისხმობს, ამიტომ საერთო სტრატეგიული მიზნები არ უნდა დაგვავიწყდეს," - განაცხადა სვენ მიქსერმა.

დღესვე სვენ მიქსერი უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს.

დღის ამბები