საკანონმდებლო ორგანოში დილიდან შეხვედრებს მართავს სვენ მიქსერი. საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი, ამ წუთებში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას ესწრება, მან უკვე მიმართა სიტყვით შეხვედრის მონაწილეებს.
როგორც შეხვედრაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ქვეყანა დასავლეთს დიდი იმედის თვალის შეჰყურებს. ასევე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც NATO-მ და შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაიწყო, საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს და ვითარება დასტაბილურდება.
"ჩვენ ძალიან დიდი იმედის თვალით შევყურებთ დასავლეთს, თქვენ ამ შემთხვევაში ევროპარლამენტსა და ევროკავშირს წარმოადგენთ, რომ დასავლეთი არ გაყვება რუსეთის ნებას, რომ მსოფლიო იყოს ისევ დანაწილებული გავლენის სფეროებად. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები, რომლებიც დაწყებულია როგორც NATO-სა და რუსეთს შორის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს და მშვიდობიანად დასრულდება ეს ვითარება. ამავდროულად, საქართველოს ინტერესები, ისევე როგორც უკრაინის, არ იქნება დათმობილი," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.
პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ სვენ მიქსერთან საუბრისას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ასევე შეეხნენ იმ საკითხს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული არც ერთი რეფორმა არ იყო გათვალისიწინებული.
"შევეხეთ იმას, რომ არც ერთი რეფორმა, რომელიც გათვალისწინებული იყო შარლ მიშელის დოკუმენტით არ განხორციელდა. ეს უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რაც შეეხება მართლმსაჯულებას, სასამართლოს, ძალაუფლების განაწილებას - არც ერთი მიმართულებით არანაირი ძვრა არ განხორციელებულა. ასევე საუბარი იყო რეზოლუციაზე, რომელიც იქნა მიღებული ახლა ცალმხრივად "ქართული ოცნების" მიერ," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, მათ სვენ მიქსერთან შეხვედრისას მიაწოდეს მას ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით და ომბუდსმენის ინსტიტუტზე მუდმივი თავდასხმების შესახებ.
"საუბარი იყო იმაზე, რომ თუ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი და ოფიციალური განაცხადი გააკეთოს 2024 წელს, ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როდესაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის უზურპირებული და ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური ტყვეები და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ პრეზიდენტ სააკაშვილს," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სვენ მიქსერი დღეს ასევე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს.