ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირს მიმართავს, ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" ოფიციალური გამოყენებიდან ამოიღოს.
ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიქსერს უსმენენ.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" სტალინის მიერ 1922 წელს შეიქმნა და მას საქართველოს კონსტიტუცია არ ცნობს.
"თქვენ და დასავლეთი ებრძვით სტალინისტურ გამოვლინებებს. ამის საწინააღმდეგოდ, თქვენ იყენებთ ტერმინს "სამხრეთ ოსეთს" ყველა თქვენს დოკუმენტში, რომელიც ასევე სტალინისტური ტერმინია და 1922 წელს შეიქმნა. მანამდე ის არ არსებობდა. "სამხრეთ ოსეთს“, ასეთ წარმონაქმნს საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს. ამიტომ ჩემი თხოვნაა, მოწოდებაა, რომ ვიმსჯელოთ ერთად როგორ შეიძლება ამოვიღოთ ეს ტერმინი საერთოდ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან. არ არის სასიამოვნო ევროკავშირი ან თუნდაც ნებისმიერი სხვა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო სტალინის დროინდელ ამ დასახელებას იყენებდეს. თუ ჩვენგან ოფიციალური მომართვაა საჭირო ამას გავაკეთებთ," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ ამ საკითხს ჩაინიშნავენ. "ეს უნდა ჩავინიშნოთ და გავითვალისწინოთ მომავალში, როდესაც ევროპულ დოკუმენტებს შევიმუშავებთ“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.