16 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
იწყებს თუ არა დედაქალაქის მერია ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას - მმართველი გუნდი და ენმ ერთმანეთს სიცრუეში ადანაშაულებენ 

იწყებს თუ არა დედაქალაქის მერია ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას, გავრცელებულ ინფორმაციას მერიაში სიცრუეს უწოდებენ. იმავეს ამბობს საკრებულოს თავმჯდომარეც, გიორგი ტყემალაძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ სასერვერო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად არის დაგეგმილი მერიაში შემავალი რამდენიმე მუნიციპალური სამსახურისთვის სამ - ოთხ სართულიანი შენობის აშენება ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. საპირისპიროს ამტკიცებენ "ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც ირწმუნებიან რომ ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობისთვის უკვე შექმნილია საკონკურსო კომისია.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ მოიპოვეს დოკუმენტაცია, რითიც ადასტურებენ რომ მერია ნამდვილად აპირებს ადმინისტრაციული შენობის აშენებას. 

"რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შეიქმნა საკონკურსო კომისია. ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტაცია და იმ დროს, როდესაც ადამიანებს შიათ, ისინი აპირებენ მილიონობით ლარი თავიანთი ფუფუნებისთვის დახარჯონ. ვემიჯნებით ამ გადაწყვეტილებას და ვთხოვთ, რომ ეს თანხა, რომელიც გამოყოფილია, მოხმარდეს თბილისელების კონკრეტულ პრობლემებს,"-აცხადებს სოფიო ჯაფარიძე.

ენმ-ის წარმომადგენლებს არ ეთანხმება, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. მისი თქმით, არანაირი ახალი  ადმინისტრაციული შენობა მერიისთვის არ იგეგმება.

"ეს არის არასწორი ინფორმაცია. არანაირი ახალი ადმინისტრაციული შენობა მერიისთვის არ იგეგმება. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ იგეგმება სასერვერო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და მერიაში შემავალი რამდენიმე მუნიციპალური სამსახურისთვის სამი-ოთხ სართულიანი შენობის მშენებლობა,"-აცხადებს გიორგი ტყემალაძე.

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს  გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძეც.

"მერიის გადატანა არსად არ იგეგმება. ეს არის 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი მონაცემთა სასერვერო ცენტრის მშენებლობა. როდესაც ეს პროექტი განხორციელდება, ყველა სერვისით, რითაც დღეს თბილისში მოსახლეობა სარგებლობს, ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს რეგიონებში, კონკრეტულ რაიონებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია," – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დღის ამბები