16 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
ვისაც აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, მას არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო - ზურაბიშვილმა დუდასთან შეხვედრისას უკრაინას სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საქართველოში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფება. აეროპორტში მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა. პრეზიდენტებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს და უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ მათ მიეცათ საშუალება გაეცვალათ ინფორმაცია და მოსაზრებები უკრაინაში არსებულ ვითარებასთან და რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიის განხორციელებასთან დაკავშირებით.

"ეს აგრესიული ქმედებები მუქარა, ეს იქნება კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, თუ იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე არის ნიშნები იმისა, თუ რამდენადაა დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა გადასული პროვოკაციაზე, რაზედაც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებით, დარეგულირების მცდელობებით და რომ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება მშვიდობიანი დეესკალაციისკენ, მაგრამ დეესკალაციისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს.

ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მე მინდა საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ და არა მარტო უკრაინის მიმართ, რადგან ეს საფრთხეები ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას, ევროპის უსაფრთხოება კი არის ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენი სოლიდარობა არაა მხოლოდ სიტყვიერი, ესაა სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც განიცადა და განიცდის ოკუპაციას და კარგად გვესმის რას გრძნობს უკრაინის ხალხი და ამას ვიზიარებთ. ვიცი როგორი დიდია პოლონეთის სოლიდარობა უკრაინის მიმართ და ასევე ჩვენც გვიჭერს მხარს მუდმივად პოლონეთი, ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე. მინდა მადლიერება გამოვხატო და ასევე მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც არ ივიწყებენ ამ ძალიან რთული მოლაპარაკებების დროს საქართველოს და ყველა საშუალების დროს ახსენებენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენ ვუჭერთ მხარს ყველა მოლაპარაკებას, რაც დღეს მიმდინარეობს, რომ გამოვიდეთ ამ დაძაბული ვითარებიდან, რამეთუ აგრესიას მომავალი და შედეგი არ გააჩნია, სამხედრო ძალის გამოყენება ეკუთვნის წარსულს, სხვა გზა არ გვაქვს, რომ მოვნახოთ მშვიდობიანი გზები, ვისაც ეს არ ესმის და აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, მას არ ესმის როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო. მინდა გამოვთქვა იმედი და რწმენა, რომ უკრაინის სუვერენობა იქნება სრულად დაცული და მოლაპარაკებები, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტია ჩართული იქნება შედეგიანი და ეფექტური. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ამ მოლაპარაკებებში იქნება დაცული საქართველოს სუვერენობა და ინტერესები," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები