რეგიონში არსებული მძიმე ვითარების მიუხედავად, ევროკავშირს საქართველოსადმი ყურადღება არ შეუსუსტებია - სწორედ ამის დასტურად მიიჩნევენ კანონმდებლები სვენ მიქსერის საქართველოში ჩამოსვლას.
მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის შედეგადაც ევროპელ დეპუტატებს საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაცია ექნებათ - თვლიან დეპუტატები.
"ევროპულ სტრატეგიაში საქართველოსთან მიმართებით არაფერი შეცვლილა, პირიქით გრძელდება მხარდაჭერა საქართველოსთვის. მართალია რეგიონში არის მძიმე ვითარება უკრაინის გარშემო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესუსტდა ყურადღება საქართველოს მიმართ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. მე დარწმუნებული ვარ, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ სწორ ინფორმაციას მიაწოდებს ევროპარლამენტარებს შესაბამისი მოხსენების დროს,"- განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრმა პაატა მანგალაძემ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ სვენ მიქსერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის პატივისცემა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
"მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა ევროკავშირის პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს თუ რომელი სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ორგანიზაციის წევრი უნდა, რომ იყოს. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციის კონტექსტშიც,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტარმა საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა სვენ მიქსერმა ქვეყანაში ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტი უკვე დაასრულა.