16 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
ვის გადაუხდიან ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადს - მთავრობამ სუბსიდირების დადგენილება უკვე მიიღო

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა.

სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დაუსუბსიდირებს. სუბსიდირების თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისში მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 2022 წლის იანვარსა და 2020 წლის დეკემბერში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას 1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით. აღნიშნულ დახმარებას იღებენ თბილისში რეგისტრირებული 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები.

ამასთან, მთავრობა განახორციელებს ყოველთვიურად მოხმარებული არა უმეტეს 200 კვტსთ ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირებას, 1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა, გარდა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა. ასევე სუბსიდირება განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2022 წლის 1-ლი აპრილიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ თბილისში. სუბსიდირება არ ვრცელდება იმ აბონენტებზე, რომლებიც სარგებლობენ "აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ" დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათებით.

ამასთან, 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში ან მცხეთაში, განხორციელდება სასმელი წყლის საფასურის სუბსიდირება, არა უმეტეს 100 ლარისა.

დღის ამბები