უკრაინაში შეჭრის საბაბისთვის რუსეთი უკრაინელი ჯარისკაცების მხრიდან თავდასხმის ფაბრიკაციას გეგმავს - აცხადებს ვაშინგტონი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ პროპაგანდისტული ვიდეოს გავრცელებას განიხილავს.
დადგმულ კადრებში ნაჩვენები იქნება ყალბი აფეთქებები, ცხედრები, მსახიობები მგლოვიარე ადამიანების როლში და სამხედრო აღჭურვილობა, მსგავსი პროპაგანდით კი რუსეთი ეცდება უკრაინაში პოტენციური შეჭრა გაამართლოს. ამის შესახებ იყო საუბარი პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"რუსეთის მთავრობა, ვფიქრობთ, გეგმავს უკრაინელი სამხედროების ან დაზვერვის ძალების მიერ, რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე ან რუსულენოვან მოსახლეობაზე თავდასხმის ყალბი სცენის დადგმას, რათა თავიანთი ქმედება გაამართლოს. ამ ყალბი თავდასხმის ფარგლებში, გვჯერა, რომ რუსეთი მოამზადებს პროპაგანდისტულ ვიდეოს, გრაფიკული გამოსახულებით, რომელშიც იქნება, ცხედრები, მგლოვიარე მსახიობები, განადგურებული ადგილები და ასევე სამხედრო ტექნიკა უკრაინის და დასავლეთის ხელში. ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი, რომლის შესახებაც შეგვიძლია დღეს ვილაპარაკოთ,"-აცხადებს პენტაგონის პრეს-მდივანი ჯონ ქირბი.
მოგვიანებით, ინფორმაცია დაადასტურა სახელმწიფო დეპარტამენტმაც. ამერიკის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ უკრაინაში შესაჭრელად, რუსეთი სხვადასხვა საბაბს ამუშავებს და პროპაგანდისტული, ყალბი ვიდეოს მომზადება ერთ-ერთია.
"ამ პროპაგანდისტული ვიდეოს მომზადება არის ერთ-ერთი იმ რიგი ვარიანტებიდან, რომელსაც რუსეთის მთავრობა ამუშავებს ყალბი საბაბისთვის, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად. ჩვენ არ ვიცით, რუსეთი აუცილებლად თუ გამოიყენებს ამა თუ იმ საშუალებას უახლოეს დღეებში. ამას ახლა ვასაჯაროებთ, რათა უკრაინის მიმართ რუსეთის დამაზიანებელი ქმედებების მასშტაბი გამოვამჟღავნოთ და რუსეთს ამ საშიში კამპანიის გაგრძელება და საბოლოოდ სამხედრო შეტევის დაწყება გადავათქმევინოთ,"-აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ ფრაისი.
რუსეთის გეგმის და უკრაინის საზღვრებთან შექმნილი ვითარების შესახებ, ბაიდენის კაბინეტის წევრებს დახურული შეხვედრა ჰქონდათ კონგრესში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტზე მუშაობს. სენატორმა როჯერ უიქერმა თქვა, რომ ანალოგიური ყალბი საბაბის გამოყენება რუსეთის მხრიდან ახალი არ არის და მოსკოვს საქართველოში შეჭრის დროსაც მსგავსი ტაქტიკა ჰქონდა.
"ეს არის ის, რაც 2008 წელს გააკეთეს საქართველოში, როდესაც შესაჭრელად საბაბი გამოიყენეს და დემოკრატიული საქართველო დაადანაშაულეს. ეს ზუსტად იგივე რიტორიკაა. ის სამეზობლოში მოძალადეა, რომელსაც მიზეზი ყოველთვის აქვს. რაც არ უნდა გავაკეთოთ, ამჯერად სამეზობლოს მჩაგვრელს ცხვირი დაუსისხლიანდება. ვლადიმირ პუტინისთვის ეს აქამდე არავის გაუკეთებია. ის მრავალმხრივ ინანებს. ვიმედოვნებ, როცა ეს მოხდება, ჩრდილოეთ ნაკადი 2 ბევრი წლით დაიხურება,"-განაცხადა სენატორმა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში თქვეს, რომ რუსეთმა მიანიშნა დიპლომატიური საუბრის გაგრძელების მზაობის შესახებ, თუმცა მისი ქმედება საპირისპიროს ადასტურებს. ნედ ფრაისის თქმით, ისინი აგრძელებენ მოკავშირეებთან თანამშრომლობას, რათა გამოააშკარავონ რუსული დეზინფორმაცია და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული მოსკოვის სხვა ჰიბრიდული ტაქტიკა.