10 მაისი 2024,   23:02
ვრცლად
თუ გიგი უგულავა თანხმობას განაცხადებს ამნისტიის გამოყენებაზე, იმ დღესვე შეწყდება სისხლის სამართლის საქმე, თუმცა არ სურს - პროკურორი 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე იმსჯელა. საქმე ეხება თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებები გამოიკვლიეს, გამოკითხეს ექსპერტი და აეროპორტის რამდენიმე თანამშრომელი.

პოლიტიკური გაერთიანების "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი გიგი უგულავა მის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე პროცესებს - მარაზმს უწოდებს. მისი თქმით,  პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეებმა თავად არ იცოდნენ რა საქმეზე იმყოფებოდნენ სასამართლო დარბაზში.

"მოწმეები წარმოადგინე პროკურატურამ, რომელიც რა საქმეზე იყო ხალხი ვერ ერკვეოდა, ვერ გაიგეს. შემდეგ გაირკვა, რომ ტექნიკური პერსონალი იყო, რომლებიც საუბრობდნენ იმაზე თუ როგორ მოხდა ვიდეომასალების ამოღება, ოღონდ პროკურატურის შუამდგომლობით ვიდეომასალები არ არის წარმოდგენილი  საქმეში. მე ამნისტიას არ ვიღებ, იმიტომ კი არა, რომ მოცლილი ვარ და დავდივარ ამ სასამართლო პროცესებზე, არა, სპეციალურად დავდივარ, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია არც ვიარო. იმიტომ, რომ საზოგადოებამ უნდა ნახოს, რომ ეს არის მარაზმი," -განაცხადა გიგი უგულავამ.

საქმის პროკურორის განმარტებით, თუ კი გიგი უგულავა თანხმობას განაცხადებს ამნისტიაზე, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება.

"თუ კი ბრალდებული უგულავა თანხმობას განაცხადებს ამნისტიის გამოყენებაზე როგორც, იმ დღესვე შეწყდება სისხლის სამართლის საქმე. თუმცა, მას არ სურს და ჩვენც იძულებული ვართ მოვიყვანოთ ყველა ის პირი, ვინც საქმის ირგვლივაა დაკითხული და ფლობს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე," - განაცხადა პროკურორმა ნათია გურულმა.

შემთხვევა 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

დღის ამბები