16 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის 10 წუთიანი სიტყვა სასამართლო დარბაზში - საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მორიგი პროცესი 24 თებერვალს ჩაინიშნა

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ჩანიშნული დღევანდელი სასამართლო სხდომა მიხეილ სააკაშვილმა ამჯერადაც საკუთარ ჯანმრთელობაზე, პოლიტიკურ პროცესებსა და გეგმებზე სასაუბროდ გამოიყენა. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, დღეს მისი სიტყვა მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა. ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა საპატიმროში პირადი ექიმის დაშვება და თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე რთულდება.

სიტყვით გამოსვლის დროს ყოფილ პრეზიდენტს მოსამართლემ არაერთხელ მოუწოდა  მხოლოდ საქმის დეტალებთან დაკავშირებით ესაუბრა, თუმცა იმის ნაცვლად, თუ როგორ გადმოლახა ქვეყნის საზღვარი - სააკაშვილი  მხოლოდ იმაზე საუბრობდა, თუ რა შედეგები მოუტანა პოლიტიკურ პროცესებს მისმა ჩამოსვლამ. ყურადღება ყოფილმა პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნებზეც გაამახვილა.

თითქმის 10 წუთიანი სიტყვის ბოლოს სააკაშვილმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და სასამართლო დარბაზიც დატოვა. ამის შემდეგ დღის წესრიგში შუამდგომლობების განხილვა დადგა, დაცვის მხარემ სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა და ამ მიზნით სასამართლოს რეაგირება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს შენობასა და მის მიღმა გაკეთებულ განცხადებებს სხდომის დასრულების შემდეგ მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლდება, მისი უფლებები კი არ ირღვევა. "ქართულ ოცნებაში" უპასუხოდ არც ექსპრეზიდენტის პოლიტიკური შეფასებები დატოვეს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმეთა გამოკითხვაც მოხდა, მათ შორის, ექსპერტებისა და გამომძიებლების. ტრადიციულად, პროცესის პარალელურად მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში მისი პარტიის ლიდერები და აქტივისტები შეიკრიბნენ. მორიგი სხდომა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე 24 თებერვალს, 12 საათზე ჩაინიშნა.

დღის ამბები