16 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე და ავუხსნათ, რომ ეს არის იჯარა და არა ჩუქება - მამუკა მდინარაძე პრემიერის მეუღლესთან დაკავშირებულ მიწის ნაკვეთზე

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებას, პრემიერ-მინისტრის ოჯახის საცხოვრებელ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დეპუტატები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით სტრადკომმა განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ საუბარია არა ბაკურიანში არსებულ ტყის მასივის დიდ ნაწილზე, არამედ დაახლოებით 0,6 ჰექტრამდე ფართობის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აბსურდია საუბარი იმის შესახებ, რომ ბაკურიანში მცხოვრები მოსახლეობა და ტურისტები ვეღარ შეძლებენ ტყეში გადაადგილებას.

მასალაში ნაჩვენებია პრემიერის სახლის მიმდებარედ განთავსებული სხვა მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები და კოტეჯებიც და აღნიშნულია, რომ ბრალდება, თითქოს პრემიერ-მინისტრმა რეკრეაციულ ზონაში რეზიდენცია აიშენა, სიცრუეა. განცხადების თანახმად, ასევე აბსურდია, თითქოს ღარიბაშვილის ოჯახი აპირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე საკუთარი სათხილამურო ტრასის მოწყობას და ამისთვის ხეების განადგურებას.

"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, რათა არ გახდნენ დეზინფორმაციის მსხვერპლნი. 

"მოდი საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე და მერე გადაწყვიტონ კანონიერად ჩათვლიან თუ არა ამ საქმეს. ავუხსნათ, რომ ეს არის იჯარა და არა ჩუქება, რომ სხვა ადამიანს, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით აჯობებდა პრემიერ-მინისტრის მეუღლეს, ასეთი ადამიანი არ არსებობდა, მიეღოთ მაშინ მონაწილეობა და მერე იქნებოდა ლეგიტიმური პრეტენზიები,"- აცხადებს მდინარაძე. 

"ქართული ოცნების" წევრის რატი იონათამიშვილის თქმით, ცრუ ბრალდებები და ფეიკ პროპაგანდა მიზანმიმართული კამპანიაა.

"ოპონენტებისთვის დეზინფორმაციის კამპანიის დროს არანაირი წესები არ არსებობს, ისინი დასახლებულ პუნქტზე ამბობენ, რომ იქ არავინ ცხოვრობს, დარგულ ხეებზე კი ამბობენ, რომ მოჭრილი ხეებია. ასეთ დროს ისინი მიზანმიმართულ სიცრუის კამპანიას ეწევიან,"-აცხადებს იონათამიშვილი.

დღის ამბები