16 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
ენმ-ს დესტრუქციული ძალის წარმომადგენლები ცდილობენ პოლიტიკური მანტიით სამართლებრივ საკითხებს თავი აარიდონ - დავით მათიკაშვილი

კანონის წინაშე ყველა თანასწორია - ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკასთან დაკავშირება არასწორია. 

"პოლიტიკოსებმა უნდა ვისწავლოთ ის, რომ ნებისმიერი საქმე, მათ შორის სისხლის სამართლის საქმე არ უნდა დავუკავშიროთ პოლიტიკას, იმიტომ, რომ როდესაც პოლიტიკოსი ხარ, არ შეიძლება, რომ შენს მიმართ რაიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით კითხვები არ გააჩნდეს რომელიმე უწყებას," - ამბობს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი.  

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით კი, ენმ-ის წარმომადგენლები პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას პოლიტიკური მანტიით ცდილობენ. 

"კირკიტაძე და არა მხოლოდ კირკიტაძე, "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციული ძალის წარმომადგენლები სადაც კი ჩნდებიან და კონკრეტულ ქმედებას ახორციელებენ, შემდგომ ცდილობენ თავი დააღწიონ ამ პასუხისმგებლობას და პოლიტიკური მანტიით სამართლებრივ საკითხებს გვერდი აარიდონ. რაც არც კირკიტაძეს და არავის არ გამოუვა. ეს არ გამოუვიდა მელიას, არ გამოუვა არც კირკიტაძეს," - ამბობს დავით მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", პარლამენტის წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

 

 

 

 

დღის ამბები