ცესკოს ადმინისტრაცია არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან.
საქმე ეხება "პლატფორმა 20/20"-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებას, რომელმაც საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესს ფორმალური უწოდა და თქვა, რომ კონკურსი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი განცხადებების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს აქტივობებს არჩევნების ორგანიზებისთვის და არჩევნებში ჩართულ მხარეებს პროცესის შესახებ ინფორმაციას მუდმივად მიაწვდის.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი პლატფორმა 20/20-ის დამფუძნებლისგან ბოდიშს მოითხოვს.
"ლაშა ფარულავამ დღეს გაავრცელა დეზინფორმაცია, მისი პოზიციები საეჭვოდ ემთხვევა ცალკეული ძალების პოზიციას. მოვუწოდებთ ლაშა ფარულავას დაიცვას ეთიკის ნორმები და მოიხადოს ბოდიში შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის,"- აცხადებს ნათია იოსელიანი.