თეთრ სახლში რუსულ საფრთხეებსა და რისკებზე აქტიურად საუბრობენ. შეერთებული შტატები იმ შესაძლებლობებს განიხილავს, რომელიც შესაძლოა ოკუპანტმა ქვეყანამ უკრაინის წინააღმდეგ განახორციელოს. თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი უკვე ღიად ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს ყალბი საბაბი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად გამოიყენოს - ეს ინფორმაცია ამერიკამ მოკავშირეებთან ერთად მოიპოვა.
რუსეთის ტაქტიკა ვაშინგტონისთვის ნაცნობია, ამის დასამტკიცებლად ჯენ ფსაკიმ საქართველოს მაგალითი და ის დეზინფორმაცია დაასახელა, რომელსაც აგრესორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ავრცელებდა. მაშინ რუსეთმა შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა.
ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება არც თბილისში უკვირთ. მაგალითად სახელისუფლებო გუნდშიც ლუგარის ლაბორატორიის გარშემო რამდენიმე წლის წინ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მოჰყავთ. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად "ქართული ოცნება" პარტნიორების მხარდაჭერას ასახელებს.
თეთრ სახლში გაკეთებული განცხადება ოპოზიციისთვის ნიშანია იმის, რომ რუსეთისგან საფრთხე არამხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსაც ემუქრება. ჰიბრიდული და საინფორმაციო ომის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტს შეუძლია, თუმცა ისინი ამ კუთხით მთავრობის პასიურ მუშაობაზე საუბრობენ.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ საერთაშორისო თანადგომით და იმ მხარდამჭერი განცხადებებითაა შესაძლებელი, რომელსაც ვაშინგტონი ყოველდღიურად აჟღერებს.