ავსტრია ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც კოვიდვაქცინები ზრდასრულებისთვის სავალდებულო გახდა. პირებს, რომლებსაც კოვიდ სერტიფიკატები არ ექნებათ, 600 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევთ. კანონი 2024 წლის 31 იანვრამდე დარჩება ძალაში.
სოციალური დისტანციის წესები კიდევ 2 კვირით გახანგრძლივდა სამხრეთ კორეაში. ომიკრონის გავრცელების შესაჩერებლად, რესტორნებისთვის, ბარებისა და სპორტ დარბაზებისთვის ნარჩუნდება კომენდანტის საათიც.
"ასტრონომიული რიცხვები" - ასე აფასებენ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას ამერიკის შეერთებულ შტატებში. პანდემიის დაწყების შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით 900 ათასს გადააჭარბა.
ახალი შტამის სწრაფად გავრცელების მიუხედავად, სახელმწიფოების დიდი ნაწილი რეგულაციებს აუქმებს. ორშაბათიდან მალტაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ზაფხულამდე კი ქვეყანაში რეგულაციების სრულად გაუქმების საკითხს განიხილავენ.
შეზღუდვებს ამსუბუქებენ კანადის რამდენიმე პროვინციაშიც. რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად ექსპერტები საზოგადოებას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
შეზღუდვები მსუბუქდება შვეიცარიაშიც, სადაც ვირუსის მეხუთე ტალღას ებრძვიან. ომიკრონის სწრაფად გავრცელების მიუხედავად დისტანციური მუშაობის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. აცრილ ან უკვე გამოჯანმრთელებულ ადამიანებს კი ქვეყანაში შესვლიდან 4 დღეში კოვიდ ტესტის გაკეთება აღარ მოუწევთ.
ავტორი: თიკო ცერცვაძე