16 ნოემბერი 2024,   09:02
ვრცლად
ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს საპროცედურო კომიტეტი ხვალ განიხილავს

შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ხვალ განიხილავენ.

ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი რეგლამენტის მიხედვით დადგა, ვინაიდან ეს ორი დეპუტატი საშემოდგომო სესიის არცერთ სხდომას არ დასწრებია.

რეგლამენტის მიხედვით, თუკი პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მისი უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი, ხაზარაძე -ჯაფარიძე -წერეთლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ შალვა ნათელაშვილი საპარალამენტო საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

"ჯაფარიძე-ხაზარაძესთან ვნახეთ, რომ ხანდაზმულობის გამო, ვერ დადგა სამართლებლივი საკითხი. შალვა ნათელაშვილმა კი უკვე დააფიქსირა აზრი, რომ აპირებს საპარლამენტო საქმის გაგრძელებას,"-აცხადებს მანჯგალაძე.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერები უფლებამოსილების შეწყვეტას თავად ითხოვდნენ, თუმცა მაშინდელი პოლიტიკური დღის წესრიგი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას გამორიცხავდა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ რეგლამენტის გათვალისწინებით იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, ვინც საპარლამენტო საქმიანობას არ ეწევიან, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ.

​"მაშინ, როდესაც ჩვენ და მთელი ცივილიზებული სამყარო მოვუწოდებდით ამ ადამიანებს მოსულიყვნენ პარლამენტში და თავიანთი ამომრჩევლის ვალდებულებები შეესრულებინათ, დაჟინებით ითხოვდნენ უფლებამოსილების შეწყვეტას, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ.

დღეს პირიქით ხდება, როდესაც ისინი არ დადიან და რეგლამენტის და კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ულებამოსილება უნდა შეუწყდეთ, მაგრამ ახლა ამბობენ, რომ მათ არ უნდათ უფლებამოსილების შეწყვეტა,"-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები