16 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა - საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ხვალ განიხილავენ 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ხვალ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი რეგლამენტის მიხედვით დადგა, ვინაიდან თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

ეს ორი დეპუტატი კი საშემოდგომო სესიის არცერთ სხდომას არ დასწრებია. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მისი უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენია. 

საკითხს მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები ოპოზიციაში. თავად პარლამენტის ფრაქციის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ამბობს, რომ თუკი მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამას პოლიტიკური დევნის ტალღად მიიჩნევს.

"თუკი იქნება გადაწყვეტილება მიღებული მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს იქნება ჩემთვის პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა. რაც შეეხება თვითონ სამართლებრივად, როგორც დამოუკიდებელი, ყველა სამართალმცოდნე სპეციალისტი ცალსახად ამბობს, არანაირი საფუძველი უფლებამოსილების შეწყვეტის, არ არსებობს," - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგია იაგო ხვიჩია. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე ამ საკითხს "პოლიტიკურად თავხედობას" უწოდებს.

"ხალხის მიერ არჩეული დეპუტატს პარლამენტიდან გარიცხვა, ჩემი აზრით, პოლიტიკურად არის თავხედობა. ჩვენ, არც ერთ სხვა პარტიის წარმომადგენლებს არ გვაქვს ის მანდატი, რომ ჩვენი კოლეგა გავრიცხოთ, მიუხედავად იმისა, ის კარგად იქცევა თუ ცუდად იქცევა.

ეს პრაქტიკა, თავის დროზე, წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრდა და ჩვენმა ხელისუფლებამ წარმატებით გადმოიბარა, ჩემი აზრით, ეს ძალიან სამარცხვინო ტრადიცია," - ამბობს იაგო ხვიჩია. 






 

დღის ამბები