"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ნიკა მელიაც ესწრებოდა, რომლის განცხადებაც დღეს განხილვის ერთ-ერთი მთავრი თემაა.
მედიაში გავრცელებულ ჩანაწერში, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ის სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას არ ემხრობოდა. მელიამ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ადასტურებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ქვეყანაში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო.
"ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი შეხვედრა. ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური შეხვედრები. რაც შეეხება ნიკა მელიასთან დაკავშირებულ სუს-ის და სამთავრობო პროპაგანდას, მე ამაზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ჩვენთვის ახლა მთავარი და პრინციპულია ძალიან ბევრი საკითხი. პირველი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, მუშაობა, ორგანიზაციულად გამართვა და ქვეყნის თავისუფლება." - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანმა, ნიკა ობოლაძემ, რომელიც ამბობს, რომ ბუნებრივი პროცესია, როდესაც დიდ პოლიტიკური პარტიაში ამა თუ იმ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები არსებობს.
"განსაკუთრებით დიდ პოლიტიკურ პარტიებში, რომელიმე ტაქტიკურ საკითხზე შეიძლება არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს არ ცვლის არც მთავარ მიზანს და არც სტრატეგიას. ეს არ ცვლის ბევრს არაფერს. შეიძლება ერთ დროს მიგაჩნდეს ერთი პოლიტიკური ნაბიჯი უფრო მეტად მომგებიანად იმისთვის, რომ ქვეყანაში სწორი პოლიტიკური სვლები გამოიწვიოს, შიძლება მიგაჩნდეს სხვა დროს სხვა პოლიტიკური ნაბიჯი,“ - ამბობს ნიკა ობოლაძე.