საქართველოს პარლამენტში ამჟამად 147 დეპუტატია, სხდომათა დარბაზი მას შემდეგ შეივსო, რაც პარლამენტში მეორედ დაბრუნდა "ნაციონალური მოძრაობა". თუმცა, ეს რიცხვი შეიძლება უახლოეს მომავალში შეიცვალოს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სამით ნაკლები ოპოზიციონერი დეპუტატი შეიძლება დარჩეს, პარლამენტართა რაოდენობა კი 144 გახდეს.
"ქართულ ოცნებაში" ჯერ კიდევ მსჯელობენ, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენებისთვის შეუწყვიტონ თუ არა უფლებამოსილება "დროას" ლიდერს ელენე ხოშტარიას და "ლეიბორისტების" უცვლელ თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს. კიდევ ერთ დეპუტატი, რომელმაც, შესაძლოა, ამჯერად სასამართლოს განაჩენის გამო დაკარგოს სადეპუტატო მანდატი, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეა. თუკი პარლამენტი ამ სამ დეპუტატს მანდატებს გაუუქმებს, მათ ადგილს ვერავინ დაიკავებს, რადგან პარტიებს ჩახსნილი აქვთ პარტიული სიები.
თუ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდება, ეს ფრაქცია კვლავაც დაშლის საფრთხის წინაშე დადგება, რადგან, მოქმედი კანონმდებლობით, ფრაქციაში სულ ცოტა 7 დეპუტატი უნდა შედიოდეს. არ არის გამორიცხული, ფრაქციის შესანარჩუნებლად, როგორც ეს მამუკა ხაზარაძის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ გაკეთდა, "ლელომ" მოახერხოს ფრაქციაში რომელიმე კოლეგის დამატება. ამჟამად პარლამენტში კი 3 ფრაქციაა - ფრაქცია "ქართული ოცნება", ფრაქცია "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"
საინტერესოა, რომ პარლამენტში დეპუტატების რიცხოვნობასთან ერთად იცვლება გენდერული ბალანსიც - ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში 119 კაცი და 28 ქალია. ელენე ხოშტარიას გასვლის შემდეგ კი 27 ქალი დეპუტატი დარჩება.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი იმისთვის, რომ გაიგოთ რამდენად აქტიურობენ საზოგადოების რჩეულები პარლამენტში - ვინ არიან პარლამენტარები, რომლებიც სხდომებს ყველაზე ხშირად აცდენენ და ყველაზე მეტად აქტიურობენ საპარლამენტო ტრიბუნასთან.
დავიწყოთ დეპუტატებით, ვინც პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესია ყველაზე ხშირად გააცდინა:
სულ გაიმართა 15 სხდომა
შალვა ნათელაშვილი, "ლეიბორისტული პარტია" - 15 არასაპატიო;
ელენე ხოშტარია, "დროა" -15 არასაპატიო;
ლევან კობიაშვილი, "ქართული ოცნება" - 6 არასაპატიო;
ვახტანგ მეგრელიშვილი, "გირჩი" - 5 არასაპატიო;
გიორგი ვაშაძე "სტრატეგია აღმაშენებელი" - 5 არასაპატიო;
გრიგოლ ვაშაძე, უპარტიო - 5 არასაპატიო;
კახა ოქრიაშვლი - 1 არასაპატიო/14 საპატიო;
კობა ნაყოფია - 1 არასაპატიო/14 საპატიო;
გუბაზ სანიკიძე - 1 არასაპატიო/14 საპატიო.
დეპუტატები, ვინც ყველაზე მეტად იყო აქტიური გასულ კვირამდე მეათე მოწვევის პარლამენტში :
მიხეილ სარჯველაძე ,"ქართული ოცნება" - 294 სიტყვით გამოსვლა
შალვა პაპუაშვილი, "ქართული ოცნება" -184
ირაკლი ქადაგიშვილი, "ქართული ოცნება" -148
ანრი ოხანაშვილი, "ქართული ოცნება" - 137
ნინო წილოსანი, "ქართული ოცნება" - 116
რატი იონათამიშვილი, "ქართული ოცნება" - 101
მაია ბითაძე, "ქართული ოცნება" - 100
ვლადიმერ კახაძე, "ქართული ოცნება" - 97
ლევან იოსელიანი, "მოქალაქეები" - 93
ანა ნაცვლიშვილი, "ლელო" - 91
მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნება" - 77
იაგო ხვიჩია, "გირჩი" - 74
ირაკლი ზარქუა, "ქართული ოცნება" - 72
სოზარ სუბარი, "ქართული ოცნება" - 70
ალეკო ელისაშვილი, "მოქალაქეები" - 60
გივი მიქანაძე, "ქართული ოცნება" - 64
გურამ მაჭარაშვილი, "ქართული ოცნება" - 59
ფრიდონ ინჯია, "ევროპელი სოციალისტები" - 57
შალვა შავგულიძე, ფრაქცია "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" - 55
პაატა მანჯგალაძე, "სტრატეგია აღმაშენებელი" -54