საქართველოს პარლამენტი, შესაძლოა, სამი ოპოზიციონერი დეპუტატის გარეშე დარჩეს, ელენე ხოშტარია და შალვა ნათელაშვილი სხდომების გაცდენების, ბადრი ჯაფარიძე კი სასამართლო განაჩენის გამო.
ბადრი ჯაფარიძე ერთერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებსაც პარლამენტარის სტატუსი შესაძლოა ვადაზე ადრე შეუწყდეს. მიზეზი "თიბისი" ბანკის საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, დეპუტატი დამნაშავედ ცნეს, თუმცა არ დააპატიმრეს საქმის ხანდაზმულობის გამო.
პოლიტიკურ დევნას გამორიცხავენ მმართველ პარტიაში, სადაც ოპოზიციას დაახლოებით ერთი წლის წინანდელ გადაწყვეტილებას ახსენებენ, რა დროსაც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობამ ბოიკოტის გამო გაცდენები, ოპოზიციონერ დეპუტატებს საპატიოდ ჩაუთვალა.
"ლელოს" ლიდერის მსგავსად, კანონმდებლებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო მანდატებთან დაკავშირებითაც. ამ შემთხვევაში პარლამენტარის სტატუსის შეჩერების მიზეზი სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენაა. მათ ადგილს, უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში სხვები ვერ დაიკავებენ, რადგან პარტიული სიები ჩახსნილია. ოპოზიციის განწყობა ცნობილია. ერთმანეთისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერენ.
ბრალდებების საპასუხოდ მმართველი გუნდი საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტზე მიუთითებს და სადეპუტატო მანდატების საკითხზე მსჯელობის დაწყებას კანონის მოთხოვნით ხსნის. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდი შეთანხმებულად მიიღებს.
შემცირდება თუ არა პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობა 147-დან 144 კანონმდებლამდე, გადაწყვეტილებას პარლამენტში თავდაპირველად საკომიტეტო, შემდეგ კი პლენარული სხდომის ფორმატში მიიღებენ.