16 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
შეძლებს თუ არა ენმ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 ხმის მოგროვებას - ინიციატივა პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება

პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში 30 დეპუტატი ჰყავს. მათ კომისიის შექმნისთვის ოპოზიციონერი კოლეგების მხარდაჭერა სჭირდებათ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის ბერკეტი პარლამენტმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

"ეს არის მნიშვნელოვანი საზედამხედველო ბერკეტი პარლამენტის და საკანონმდებლო ორგანოს ხელში. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები გააცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მექანიზმის გამოყენება. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ვინც საკუთარ თავს მოიაზრებს ოპოზიციაში და ვისაც სურს რომ სიმართლე დადგინდეს აღნიშნულ საკითხზე, მხარს დაუჭერს ამ კომისიას,"-აცხადებს ბოკუჩავა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრის პაატა მანჯგალაძის აზრით, კომისიის შექმნა აუცილებელია, რათა დადგინდეს სიმართლე და აღარ არსებობდეს სპეკულაციები.

"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კომისიას, მე მაქვს ინფორმაცია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან, სადაც საუბარია არაადამიანურ მოპყრობაზე. ასევე, არის სახალხო დამცველის ანგარიშები, სადაც იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე მის წინააღმდეგ. იყო რომ იყო თუ არა წამება და ეს არ იყოს სპეკულაციის საგანი, ამისთვის აუცილებელია საგამოძიებო კომისია, რადგან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ჩვენ ამ ინტერესს უნდა ვუპასუხოთ,"-ამბობს მანჯგალაძე. 

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს კოლეგების ინიციატივას, თუ მათგან მიიღებს პირობას, რომ მსგავს ინიციატივებში მათგან მხარდაჭერა "გირჩსაც" ექნება. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, "ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" ამ მოთხოვნას დესტრუქციული პროცესებისკენ მიმართულს უწოდებს და კომისიის შექმნის საჭიროებას გამორიცხავს.

"ის საკითხი, რაც დააყენა "ნაციონალურმა მოძრაობამ" პატიმარ სააკაშვილის უფლებებთან დაკავშირებით, აღარ იწვევს არანაირ კითხვებს საზოგადოებაში, იმიტომ რომ თავის დროზე გაეცა პასუხი ყველა კითხვას, რაც კი გააჩნდათ სააკაშვილს და მის ადვოკატებს. ერთის მხრივ უნდათ რომ როგორმე საზოგადოებაში საერთოდ არ გაქრნენ, და რაღაცნაირად გაამართლონ თავიანთი პარლამენტში შემოსვლის მიზეზი. მეორეს მხრივ კი უნდათ რომ გარკვეული ბერკეტები გამოიყენონ, ერთგვარი დესტრუქციული პროცესებისთვის, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვათ, თუმცა, სამწუხაროდ, მცდელობა ექნებათ,"-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

დღის ამბები