ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 235 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი. მოახერხებს თუ არა საქართველო ვირუსის პიკის გადალახვას და შემცირდება თუ არა ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევები, ამ კითხვებზე პასუხი ეპიდემიოლოგებს უახლოეს დღეებში ექნებათ. ექიმები მოსახლეობას მიმართავენ, განსაკუთრებით კი ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, დაიცვან რეკომენდაციები და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მომდევნო კვირების განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას პროგნოზირებს.
" განსაკუთრებით "ომიკრონის" მეორე ვარიანტის გამოჩენის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ ახალი ანტირეკორდი ჩვენი ქვეყნის პანდემიის ისტორიაში და შემთხვევების რაოდენობამ 26 000-ს გადაჭარბოს. ყველაზე რეალისტური მოლოდინი რაც შეიძლება იყოს, არის შემთხვევების 5-ჯერადი ზრდა ადრე არსებულ შემთხვევებთან შედარებით, ეს არის 30 000 ინფიცირებული ადამიანი. იმედს ვიტოვებთ, რომ 2 თებერვლის 26000 იყო მაქსიმუმი და ხვალინდელი ციფრი იქნება უფრო ნაკლები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გარკვეული ალბათობით ვთქვათ, რომ საქართველოში მე-6 ტალღის პიკმა გადაიარა,"-აცხადებს ივანე ჩხაიძე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე კი ამბობს, რომ ომიკრონი არ არის პანდემიის დასასრულის დასაწყისი.
"ომიკრონმა" თავისი მოქმედების ახალი წესები შემოგვთავაზა. რეალურად, ჩვენთვის "ომიკორნი" არ არის სრული ე.წ. დასასრული კოვიდინფექციის. თუ ოჯახში არის 4 წევრი, 4-ვე არის სიმპტომიანი, ერთი წევრი იკეთებს გამოკვლევას და დადებითი პასუხის შემთხვევაში, დანარჩენი სამი წევრი თვლის, რომ მათაც აქვთ ეს დაავადება და აღარ იკეთებენ ტესტს, ეს გვაძლევს ძალიან დიდ აცდენას სტატისტიკურ მონაცემებში,"-აცხადებს დევი ტაბიძე.