16 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
"რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ თუ იქნება სამხედრო აგრესია, ამას დიდი ფასი ექნება, მეორეს მხრივ, ჩვენ ვამზადებთ გზას მოლაპარაკებების გასაგრძელებლად" - ოლაფ შოლცი

რუსეთი უკრაინაში შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას - ამის შესახებ თეთრ სახლში აკეთებენ განცხადებას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ კრემლისგან ნებისმიერი ნაბიჯია მოსალოდნელი. ოფიციალური ვაშინგტონი პრობლემის მოგვარების გზად, დიპლომატიურ მოლაპარაკებებს მიიჩნევს. სწორედ ამ მიზნით, მოსკოვში, ქვეყნების ლიდერები მიემგზავრებიან. 

"შეერთებულმა შტატები მზადაა ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად. აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენი მოკავშირეები გავაძლიერეთ, გავაერთიანეთ დასავლეთი, მატერიალური მხარდაჭერა გავუწიეთ უკრაინას, ასევე რუსეთს დიპლომატიური გზა შევთავაზეთ, თუკი ისინი ამას აირჩევენ.

თუ ომი დაიწყება, ეს უკრაინას უზარმაზარ ადამიანურ საფასურად დაუჯდება, თუმცა ჩვენი და პასუხიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ რუსეთს სტრატეგიული საფასურის გადახდა მოუწევს. აბსოლუტურად მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, "ჩრდილოეთ ნაკადი 2" არ გაგრძელდება. ეს ჩვენთვის არის ბერკეტი, რომელიც ახლა გვაქვს, ამიტომ ვაპირებთ ამ ბერკეტის გამოყენებას. ვლადიმერ პუტინმა არჩევანი უნდა გააკეთოს. თუ უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, ის ვერ მიიღებს სარგებელს "ჩრდილოეთ ნაკადი 2“-სგან,"-აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი. 

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას დიდი ფასი ექნება, თუმცა, იმედოვნებს, რომ საკითხის გადაჭრა დიპლომატიური გზით იქნება შესაძლებელი. 

"რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ თუ იქნება სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ამას დიდი ფასი ექნება და მეორეს მხრივ, ჩვენ ვამზადებთ გზას, რათა მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდეს. არის მოლაპარაკებები აშშ-ს და რუსეთს შორის , ნატო-რუსეთის საბჭოში, ეუთოში და, რა თქმა უნდა, ასევე იმ კონტექსტში, რომ გერმანიასა და საფრანგეთს შეუძლიათ წინ წამოწიონ ეგრეთ წოდებული "ნორმანდიული ფორმატი", სადაც რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი და გერმანია არიან. ეს არის საუბრის საფუძველი ვაშინგტონში. ჩვენ გვყავს ჯარები ლიეტუვაში, ამავდროულად, ჩვენ ვართ ისინი, ვინც უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში უწევს მასობრივ ფინანსურ მხარდაჭერას. ჩვენ 2014 წლიდან ყველაზე დიდი დონორი ვართ ორმხრივი, ეკონომიკური და ფინანსური დახმარების კუთხით,"-აცხადებს  ოლაფ შოლცი. 

სულ რამდენიმე საათში, მოსკოვში ჩაფრინდება საფრანგეთის პრეზიდენტი, ხვალისთვის კი უკრაინასაც ეწვევა; გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი კი ვაშინგტონს ესტუმრება. 

დღის ამბები